მამუკა მდინარაძე - ენჯეოსექტორმა და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებმა, სათაურის ჩათვლით, შემოგვთავაზეს ხუთი პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი
პირველ რიგში, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მინდა, მადლობა გადავუხადო როზნერს და „მესინა ჯგუფს“, რამეთუ მათ ენჯეოსექტორს და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებს დღეს ერთად მოუყარეს თავი და ყველა მათგანმა ერთად გამოაქვეყნა ხუთი ტყუილი, რომელიც არის უმარტივესი სამხილებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ყველას პუნქტს სათითაოდ უნდა გაეცეს პასუხი.
„პირველი ტყუილი იყო თავად სათაური, სადაც ამბობდნენ, რატომ არის ეს კანონი რუსული. პირველი პუნქტი იყო ასეთი – „საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს“. ეს არის მდაბიო ტყუილი, რადგან აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ვერცერთ პუნქტს ვერ მაჩვენებთ, რომელიც თანხვედრაშია ქართულ ვერსიასთან. რუსეთში მოქმედი კანონი ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც ეკრძალებათ საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. ხომ არ გხვდებათ სადმე ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი? რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს ექვს თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებით და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? არ არის. შესაბამისად, პირველი პუნქტი არის ცალსახა და მდაბიო ტყუილი.
მეორე პუნქტში ჩაწერეს, თითქოს ჩვენი კანონი „მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს“. ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც – არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის, ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ. ეს მეორეც დადასტურებულია, რომ არის ტყუილი.
მესამე ტყუილი – „კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“. თავად ევროკავშირში ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელსაც ივნისში მიიღებენ, ასე დაანონსდა. მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში. ესე იგი მესამეც ტყუილია.
მეოთხე პუნქტი – „კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ“. არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად, განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ანუ მათ სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს ხუთი პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი. რაც ჩამოვთვალე, ვერცერთ მათგანთან დაკავშირებით ვერ წარმოადგენენ საპირისპირო არგუმენტს“, – განაცხადა მდინარაძემ.