მამუკა მდინარაძე - „ენდიაის“ კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევების მონაცემების დიაგრამები წარმოადგინა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ენდიაის“ კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში „სიარარსის“ (CRRC) მიერ ჩატარდა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შესახებ კვლევების პროგნოზს და არსებულ შედეგებს, მამუკა მდინარაძის თქმით, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:
2012 წლის პროგნოზი 18 პროცენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგი – 54,97 პროცენტი;
2013 წლის პროგნოზი 29-39 პროცენტი, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ნაჩვენები შედეგი – 62 პროცენტი;
2015-2016 წლებში პროგნოზი 15-20 პროცენტი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგი – 49 პროცენტი.
„ბოლო კვლევები, რომლებიც ისევ „სიარარსიმ“ ჩაატარა აპრილში, გვაჩვენებს, რომ მაჩვენებელი არის 17 პროცენტი, ხოლო 2019 წლის ივნისის მონაცემებს ემთხვევა ასევე დღევანდელი მოცემულობით ის მაჩვენებელი, რაც წარმოგვიდგინა „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი – ამ მაჩვენებლებით თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ლორა თორნტონთან დღეს გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
„დღეს ქალბატონ ლორასთან ძალიან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი მქონდა. გვაქვს შეთანხმება, უახლოეს დღეებში გავმართოთ დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველანი ერთად ვეცდებით, ეს კვლევებიც შედარებით ობიექტური გახდეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.