მამუკა მდინარაძე ამერიკის „ენდიაის“ დირექტორს ლორა თორნტონს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ლორა თორნტონს შეხვდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრა ლორა თორნტონის ინიციატივით შედგა.
„ენდიაის“ მიმართ რაღაც განსაკუთრებული უნდობლობა ჩვენ არ გვაქვს, ამ ინსტიტუტს პატივს ვცემთ. საქართველოში არის კონკრეტული მოცემულობა, რომ ისინი სამწუხაროდ ენდობიან CRRC-ის. ჩემი აზრით, ის ნდობას არ იმსახურებს. ამ საკითხზე იყო ბევრი საუბარი ხანგრძლივი შეხვედრის დროს. სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერას მოიპოვებდა ხოლმე, თუმცა რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში 15-პროცენტიანი მხარდაჭერა გვქონდა. ბუნებრივია, CRRC-ი ჩვენი ნდობის ეტალონი ნამდვილად ვერ იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მალევე გვექნება დეტალური განხილვა მსგავსი საკითხების და ისინი ამბობენ, რომ თუ ამ მიმართულებით არის ხარვეზები, ვიმსჯელოთ, თუნდაც ვიკამათოთ და გადაჭრის გზებზეც ვისაუბროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლორა თორნტონმა აღნიშნა, კვლევის გამოქვეყნების შემდეგ დახურული შეხვედრა გაიმართება სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა. ძალიან ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის იმ კითხვებზე, რომელიც მამუკა მდინარაძეს ჩვენ კვლევებთან დაკავშირებით ჰქონდა. შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად და სიღრმეებში გავაგრძელებთ ამ საკითხებზე საუბარს. ასევე ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე და გაუგებრობებზე, რაც ხშირ შემთხვევაში ახლავს კვლევების მეთოდოლოგიას. ჩვენ განვაგრძობთ „ქართულ ოცნებასთან“ ახლო თანამშრომლობას. რაც შეეხება კვლევის შედეგების ნდობას და უნდობლობას, ვიცით, რომ მმართველს გუნდს აქვს გარკვეული კითხვები და წუხილები პოლიტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენ კვლევით პარტნიორზე CRRC-საქართველოზე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ CRRC-საქართველო „ენდიას“ მხრიდან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტმა კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთანავე, მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატია არ არის. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 13 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, „თავისუფალი საქართველო“ – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.