მამუკა მდინარაძე - „ენდიაის“ კვლევები თითქმის ყველა შემთხვევაში რამდენიმე ათეული პროცენტით სცდება არჩევნების საბოლოო შედეგებს
ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ატარებინებს კვლევებს, რომლის ცდომილების ფარგლები არა სამი, ოთხი ან ორი პროცენტით, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში არჩევნების საბოლოოს შედეგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ენდიაის“ 2016 წლის მარტის კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 15 პროცენტი. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 49 პროცენტი, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 60 პროცენტზე მეტს აიღებს 2020 წლის არჩევნებში. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, შეიძლება ნამდვილადაც ასე მოხდეს. სამწუხაროდ, ჯიუტად, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ CRRC-ის ატარებინებს კვლევებს, რომელიც რამდენიმე ათეული პროცენტით ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ენდიაის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევების კომენტირებისას.
„ენდიაის“ კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“, 14 პროცენტი – არცერთ პარტიას.