მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს სიის პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძე სარგებლობს ბეიჯით და ამბობს, რომ მედიის წარმომადგენელია
ერთ დღეში ისე გადალაგება, რომ ეგზიტპოლს გუშინ სხვა ატარებდა, მეორე დღეს სხვა, ეს არ ხდება. ბუნებაში წარმოუდგენელია, რომ ერთ მშვენიერ საღამოს სკანდალი დაგატყდეს თავს და „ანოვა“ იქნება თუ მსოფლიო ბრენდები, ერთ დღეში გადალაგდეს და კომპანია მისთვის დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ არჩევნების დღეს პროვოკაციებზეც ისაუბრა.
„ისე, როგორც არასოდეს, დღეს ოპოზიციურ არხებს ვადევნებ თვალს და წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ქარიშხალი ჭიქაში თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას, დღევანდელ დღეს ჰქვია. სამწუხაროდ, თქვენი კოლეგები რაღაცას ყვებიან, მაგრამ ამის თაობაზე ფაქტები წარმოდგენილი არ არის. სადღაც, ვიღაც ტუალეტში ჩაიკეტა ან გვერდით ოთახში და აჩვენებენ კადრებს, რომ ადამიანები საჭმელს ჭამენ, თუ უნდათ, საჭმლის ჭამა შეუზღუდონ, ეს აღარ ვიცი. ფაქტები არ არის, არის მონათხრობი და ტყუილი ამბები. ეს არ არის ჟურნალისტის გადასაწყვეტი, ამათ მათ ეუბნებიან პროდიუსერები, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული ლიდერები. სამწუხაროდ, ცუდ საქმეს აკეთებენ. ხომ არ შეიძლება, ფაქტი არ აჩვენო და მოგონილი ამბები ილაპარაკო. სადაც პროვოკაცია იგეგმება, იქ არის სამი ტელევიზიის ჯგუფი, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს ვგულისხმობ. შეუძლებელია, ტელევიზიებს 1 800 უბანზე ჯგუფები ჰყავდეთ და სადაც იგეგმება, იქ ჰყავთ ჯგუფები, ეს არის წინასწარ დაგეგმილი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს სიის პირველი ნომერი, სოფო ჯაფარიძე სარგებლობს ბეიჯით და ამბობს, რომ მედიის წარმომადგენელია.
„თბილისში ისიც კი ვნახეთ, „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს სიის პირველი ნომერი რა ბეიჯით გადაადგილდება. იცით, თურმე, თქვენი კოლეგაა. შეიძლება, კანონით პირდაპირი აკრძალვა არ არის, მაგრამ სოფო ჯაფარიძე სარგებლობს ბეიჯით და ამბობს, რომ მედიაწარმომადგენელია. წარმოიდგინეთ, რა სიყალბესთან გვაქვს საქმე, მეტი ფეიკი რა წარმოგიდგენიათ?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.