მამუკა მდინარაძე - ე.წ. ქურდული გარჩევის შესახებ კანონპროექტზე რისკები რჩება, რაც ყოველთვის უნდა გამოირიცხოს
გარკვეული ინტერპელაციის შემთხვევაში რისკები რჩება, რომ რომელიმე გამომძიებელმა, პროკურორმა ან თუმდაც მოსამართლემ მომავალში მუხლი არასწორად არ განმარტოს, ამიტომ მეორე მოსმენის დროს შეიძლება, გარკვეული დაკონკრეტებები იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ე.წ. ქურდული გარჩევის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
„თუ რომელიმე ადამიანი, ოპოზიციიდან იქნება, თუ ნებისმიერი წარმომადგენლობიდან, გამოხატვის თავისუფლებაზე, აქ შესაქმნელ პრობლემებსა და ამ კანონპროექტზე საუბრობს არასერიოზულზე არასერიოზულია. იმაზე თუ ვსაუბრობთ, რომ ადამიანები გარკვეული უკანონო გარჩევებისგან და ბულინგისგან დაცულები უნდა იყვნენ და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ეს მუხლი ამისთვისაა შექმნილი. თუმცა მე თავად ვთქვი, რომ გარკვეული ინტერპელაციის შემთხვევაში რისკები და რაღაც სივრცეები რჩება, რომ რომელიმე გამომძიებელმა, პროკურორმა ან თუმდაც მოსამართლემ მომავალში მუხლი არასწორად არ განმარტოს. ამიტომ, მეორე მოსმენის დროს შეიძლება, გარკვეული დაკონკრეტებები იყოს.
ამაზე მომხსენებელიც დაგვეთანხმა და ასეთი რისკები ყოველთვის უნდა გამოირიცხოს. ყოველთვის ის ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომელიც ერთის მხრივ ადამიანებს ბულინგისგან, გარჩევებისგან, უკანონო ზემოქმედებისგან, იძულებისგან და მუქარისგან დაიცავს. მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს იმ საშუალებას მისცემს, რომ პასუხისმგებლიანი მოქმედება აღსრულებაში მოვიდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ე.წ. ქურდული გარჩევის კრიმინალიზაცია ხდება და დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სიახლის სამართლის წესით დაისჯება. სასჯელი როგორც ფულად ჯარიმას, ისე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კანონი ე.წ. ქურდული გარჩევის როგორც აქტიურ, ისე პასიურ მონაწილეებზე გავრცელდება. შინაგან საქმეთა სამინიტროს განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიზანი დანაშაულის პრევენციაა.