მამუკა მდინარაძე - ძალიან მენიშნა ბორელის ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს წარუმატებლობას, ეს არასწორი შედარებაა
მამუკა მდინარაძე - ძალიან მენიშნა ბორელის ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს წარუმატებლობას, ეს არასწორი შედარებაა

ძალიან მენიშნა ჯოზეფ ბორელის ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს წარუმატებლობას, ეს არასწორი შედარებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გვხვდება შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ სტუდენტებს დაბალ ქულას და აღნიშნა, „ხომ არ არის საქმე ასეთ მოვლენასთან, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სხვაზე გაცილებით მომზადებულია სტუდენტი?“

„ჩემი გადასახედიდან, ჯოზეფ ბორელმა კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა, მაგალითად, იმპიჩმენტის საკითხი. უნდა ვთქვათ, პოზიტიური გზავნილებიც იყო და მკაცრი, ნეგატიური გზავნილებიც. ძალიან მენიშნა პირადად მე ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს თავის წარუმატებლობას. ვფიქრობ, ეს არასწორი შედარებაა, რადგან არ მგონია, ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც, ვთქვათ, რომელიმე პროფესორისა და სტუდენტის ცოდნა.

გვხვდება შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ ხოლმე დაბალ ქულას სტუდენტებს. ხომ არ გვაქვს საქმე ასეთ მოვლენასთან და მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სხვაზე გაცილებით წარჩინებულია, სხვაზე გაცილებით მომზადებულია სტუდენტი, რატომ იჩაგრება მაშინ ის სხვებთან შედარებით? ეს არის ყველაზე რელევანტური კითხვა. არ იჩაგრება, ეს არ არის სწორი მოცემულობა, რადგან თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც კი ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები რეფორმებით, რეკომენდაციების შესრულებით და ა.შ. რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს. გასაგებია, არ გვშურს, არ ვედრებით, კი ბატონო, და გვიხარია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმატება, განსაკუთრებით, ომში მყოფი უკრაინის, მაგრამ ამის ფონზე, რაღაც ისეთი მიზეზებით, რომელზეც საუბრობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს.

გადაწყვეტილება თუ იქნება სამართლიანი, მაშინ საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუ კიდევ არასამართლიანი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მაშინ, პირიქით, შეიძლება დაისვას კითხვა, საქმე ხომ არ გვაქვს ხელის კვრასთან რუსეთის მიმართულებით? რუსეთს ეს ქვეყანა არ უნდა შეატოვონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს“.