მამუკა მდინარაძე - ძალიან მალე მივალთ იქამდე, რომ სწორი ნარკოპოლიტიკა შემუშავდეს
ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის თემაზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეწყვეტილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა მედიის წარმომადგენლების მიმართვაზე, სადაც მიმართვის ავტორები პარლამენტისგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი დღე არ შეწყვეტილა მუშაობა და შეხვედრები. ვხვდებით სხვადასხვა ჯგუფებს. იცით, რომ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ თემაზე, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ჩვენც გვაქვს პოზიციები დასაახლოებელი – კერძოდ, კანონმდებლობა ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოფდეს ლიბერალურ მიდგომას ნარკომომხარებლებთან და, მეორე მხრივ უნდა ვიყოთ მკაცრები გამსაღებლებთან. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხერხდება ნარკომომხმარებლებთან და ნარკოგამსაღებლებთან მიმართებაში მიდგომების გამიჯვნა.
„დიფერენციაცია უნდა გაკეთდეს მომხმარებლებსა და გამსაღებლებს შორის. საბოლოო ჯამში, ამ ინტენსიური მუშაობის შედეგად ძალიან მალე მივალთ იქამდე, რომ ეს გამიჯვნა და ნარკოპოლიტიკის შემუშავებაც მოხდება სწორად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მედიის წარმომადგენლები პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა.
გარდა ამისა, მიმართვის ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, შესაბამის კანონში შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.