მამუკა მდინარაძე - 29 აპრილს იქნება დიდი აქცია, მოქალაქეები დააფიქსირებენ, რომ გამჭვირვალობა არ არის რუსული, აქცია იქნება ჯერ ქართული, შემდეგ ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერი
მამუკა მდინარაძე - 29 აპრილს იქნება დიდი აქცია, მოქალაქეები დააფიქსირებენ, რომ გამჭვირვალობა არ არის რუსული, აქცია იქნება ჯერ ქართული, შემდეგ ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განმარტა, რა მიზნით გაიმართება პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საყოველთაო-სახალხო შეკრება.

ამასთან, მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, აქციის შემთხვევაში ხომ არ მოხდება დაპირისპირება გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციის მქონე მოქალაქეებს შორის, რაზეც მდინარაძემ აღნიშნა:

„„ნაცმოძრაობა“ რატომ აანონსებს დაპირისპირებას? გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, რადგან იქნება ასი ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია, განარიდებენ იქიდან. ამიტომ რა პროვოკაცია უნდა იყოს? რაც შეეხება მიზანს, ისე წარმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გარკვეული ჯგუფები, რომ ისინი არიან საქართველო, ამას ეუბნებიან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. მათ აქვთ მცდელობები, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგალითად, გამჭვირვალობას, უწოდონ რუსული გადაწყვეტილებები. ასე იქცევიან მაშინ, როცა სხვა არგუმენტი არ არსებობს.

მარტო იმიტომ ღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ, მაგალითად, ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან რომ ფინანსდება, პარალელურად, სად ემთხვევა რუსული და დასავლური ფონდების თუ დონორების ინტერესები? პირადად მე მაინტერესებს, ოჯახს ათეულობით ათასი დოლარის ეკვივალენტი მილიონობით რუბლობით რომ აფინანსებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ლეგენდით – მემკვიდრეობა და იმავე ოჯახის წარმომადგენელ პარტიას და პარტიის ლიდერს, „დროას“ ლიდერ ხოშტარიას დასავლური რომელიღაც ფონდი თუ დონორი ორგანიზაცია აფინანსებს, სად არის ინტერესთა თანხვედრა? სად ემთხვევა ეს ორი რაღაც ერთმანეთს? შესაბამისად, თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, რომ ეს არის მხოლოდ მემკვიდრეობა, ამ ადამიანებს ყველაფერ რუსულზე რომ აჟრიალებთ, პარადოქსია, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან შემოსულ თანხებზე არ აჟრიალებთ. თან ამ ლეგენდის არ გვჯერა. ეს არის „კაგებეს“ ლეგენდა, „კაგებეშნიკური“ ლეგენდა, რომ მემკვიდრეობის ეგიდით ასჯერ მეტი თანხა გადაუხადოს რომელიღაც ოჯახს. „აპრავებთ“ რუსულ ფულს და თან რუსულ კანონს იძახით. „აპრავებთ“ რუსულ ფულს და თან რუსულ კანონს ეძახით გამჭვირვალობის კანონს, მოსახლეობას აინტერესებს, სად ემთხვევა რუსული და დასავლური ფონდების ინტერესები, ორივე რომ ერთსა და იმავე პიროვნებას და მის პარტიას აფინანსებს? სად არის ინეტერესთა თანხვედრა, რაშია საქმე?“ – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ მოუწოდა ყველას, პატივი სცენ აქციის თითოეულ მონაწილეს.

„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან დიდი აქცია. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცეს აქციის თითოეულ მონაწილეს. მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რამდენი ვართ, რა შეგვიძლიაო. ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში და ახლა კონტრაქცია ხომ არ არისო? კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ. თავისი სახელი ერქმევა, ეს არის „ქართული ოცნების“ დაორგანიზებული აქცია და ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა აქციაზე, დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია. გამჭვირვალობის ინტერესს რუსული ინტერესი არ ჰქვია. როგორ შეიძლება, ასე დავაკნინოთ გამჭვირვალობის და დემოკრატიის ინტერესი, რომ დემოკრატიას, გამჭვირვალობას, ევროპულობას, ანტიევროპული დავარქვათ? 27 ქვეყნის ელჩი დემარშის ფორმით გვეუბნებოდა, სააკაშვილი მოკვდებოდა, თუ არ გავუშვებდით და ეს იყო წითელი ხაზი დემოკრატიის, ევროპულობისთვის. ციხეშია, არ კვდება და ისე მშვენივრად გრძნობს თავს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში ჩაერიოს, დავალებები გასცეს. დემარშის საფუძველი ტყუილი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ევროკავშირის 27 ელჩი გაეხვა ან თავი გაიხვია ამ ტყუილში. არასწორი და მარაზმული ინფორმაციაა კანონის რუსულობა, როცა ერთ არგუმენტს ვერ ასახელებენ. შესაბამისად, აქცია იქნება ეროვნული, პირველ რიგში, ქართული და შემდეგ ევროპული. ამას ხაზგასმით ვამბობ, აქცია იქნება ჯერ ქართული და შემდეგ ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება და არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.