მამუკა მდინარაძე - დოკუმენტი, რომელზეც დღეს ორმა პარტიამ მოაწერა ხელი, არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი
მამუკა მდინარაძე - დოკუმენტი, რომელზეც დღეს ორმა პარტიამ მოაწერა ხელი, არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი

დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელი მოეწერა ორი პარტიის მხრიდან არის, ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველა დეპუტატს აქვს საშუალება, შეუერთდეს ამ დოკუმენტს.

„ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად, როგორიც არის ნულიდან სამპროცენტიან ბარიერამდე მსჯელობა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ოთხი და ხუთპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ, იქნება მსჯელობა მხოლოდ ნულიდან სამ პროცენტამდე, ანუ სამპროცენტიანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი მოლაპარაკებისა და კონსულტაციების შედეგად შეიძლება, გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

იქ არის უამრავი სხვა საკითხი, მაგალითად, გახსოვთ პირობითად ერთ-ერთს გეტყვით, ყბადაღებული თემაა, ე.წ. 100-მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით, ასევე ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით, ასევე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა შტრიხ კოდი. აი, ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში. თუ თავსებადი იქნება სხვა ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც შემოვიტანეთ ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილად, ამ შემთხვევაში, იქნება შტრიხ კოდებზე საუბარი, რომ თეორიული შანსიც კი გამოირიცხოს. უამრავი საკითხია, გირჩევთ ყველას, გაეცნოთ დეტალურად.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლები ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან, მათ მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს. მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან დოკუმენტს, რადგან პრაქტიკულად, მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ამის ასახვა საჭიროდ არ ჩავთვალეთ, ვტოვებთ პირობას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოვლენ, შეიქმნება კომისია და მათივე მონაწილეობით დადგინდება, ჰქონდა თუ არა, ადგილი გაყალბებას, დავუშვათ გადაცდომას, ხარვეზს. თუ ამ ხარვეზებს ერთპროცენტიანი სარგებელი მოუტანეს „ქართულ ოცნებას“, თანახმა ვართ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ისინი  იძულებული გახდებიან ამ საკითხზე დამატებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთონ, შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს ან ამ დოკუმენტის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მოუწევთ განმარტებების გაკეთება, რატომ არ ეთანხმებიან მას“, – განაცხადა მდინარაძემ.