მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებსა და ტელევიზიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ „ქართული ოცნების“ აგიტატორების ბულინგი, რადგან ისინი საარჩევნო სიების ფლობითა და სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებსა და ტელევიზიებს მოუწოდებს, თავი დაანებონ „ქართული ოცნების“ აგიტატორების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების ფლობითა და სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მდინარაძემ განაცხადა, არჩევნები ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს და იქ, სადაც ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის, ყველგან არჩევნები არსებითი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
„ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ მიმდინარეობს. კანონის შესაბამისად, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უფლება აქვს, თუ საარჩევნო უბანთან 100 მეტრიან დისტანციას იცავს, გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს საარჩევნო სიები, რომელიც მოეპოვება ცესკო-ს, ასევე მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობაც კი, 100 მეტრიანი რადიუსის გარეთ. ამის მიუხედავად, იმ მიზნით, რომ ჩვენს წარმომადგენლებში დაბნეულობა გამოიწვიონ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ, ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს, მათ ეკითხებიან, რატომ აქვთ სიები. რამდენიმე შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, როცა სიებს არ აჩვენებენ, რაც მათი დაბნეულობით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ აქვთ სიების ფლობისა და სარგებლობის უფლება. ამიტომ, ყველა ჟურნალისტსა და ტელევიზიას მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამ ადამიანების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ. ვისაც სია აქვს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს. მათი დაბნეულობის მიზანია, საარჩევნო პროვოკაციების მოწყობა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან. ეს ტელევიზიები „ძირითად დარღვევად“ სიებს იშველიებენ, რაც დარღვევა არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.