საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე დღეს საბურთალოს მე-4 ოლქის მოსახლეობას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარაძემ თბილისის საკრებულოში ამავე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ავთანდილ ცინცაძესთან ერთად მოსახლეობას მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
მდინარაძის თქმით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საბურთალოს მეოთხე საარჩევნო ოლქში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. გაკეთდა სკვერები, რამდენიმე მოედანი, უკვე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.
როგორც დეპუტატი ამბობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მოქალაქეებთან. მდინარაძემ აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ყოველდღიურად ხვდებიან რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომელთაც კონსულტაციებთან ერთად სხვადასხვა საკითხებში დახმარებასაც უწევენ.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის განსაკუთრებული ამომრჩეველი, რომელიც არ არის ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, რომ მოვიდეს და მხარი უპირობოდ დაგიჭიროს. შეხვედრებზეც კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ადეკვატურები არიან. საყვედურსაც ამბობენ, შენიშვნასაც, მიგვითითებენ ნაკლოვანებებზე, ჩვენს შეცდომებზე, მაგრამ არ გვიკარგავენ იმ გაკეთებულ საქმეებს ამ ქვეყანაში და ამ რაიონში, რომელიც მართლაც ძალიან დადებითი, პოზიტიური დინამიკით მიდის და ეს უდაოდ დასაფასებელია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრაზე.
დეპუტატმა ამომრჩევლების შეკითხვებსაც უპასუხა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.