მამუკა მდინარაძე - ვნახეთ პირველი რაუნდის შედეგი, როცა ოპოზიციამ ე.წ. გერმანული მოდელი უარყო და თქვა, საზოგადოებას ვატყუებდითო
ოპოზიციას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ თავად აღიარა, ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, ეს თავიდანვე იცოდნენ და თავის მომხრეებს ატყუებდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ დღეს თქვა, რომ მათი დოკუმენტი ქართული მოდიფიცირებული ვარიანტი არის და საუბარია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოდელზე, რომელიც თავად აწყობთ და საშუალებას აძლევთ, რომ პარლამენტში მეტი მოხვდეს.
„გასაგებია, რომ მეტი რესურსი არ გააჩნიათ და ახლა ცდილობენ, რომ პროცესები სპირალში შეიყვანონ. ეუთო-ში გააგზავნონ ის, 77 უდრის თუ არა, 150-ს, მთლიანად პროპორციული სისტემა შესაბამისობაშია თუ არა შერეულ სისტემასთან, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული სეგმენტი ცალ-ცალკეა. ამ სპირალის შემდეგ, რაღაც დასკვნას დაეყრდნონ, სადაც ათასგვერიან დოკუმენტში ერთი წინადადება იქნება, რომელიც ინტერპრირებისა და სპეკულირების საშუალებას მისცემთ. ამ სპირალში არ შევალთ. ეს იყო, რაც აინტერესებთ, ახასიათებთ და ცდილობენ, საზოგადოების მოტყუებას. იმაზე მსჯელობას არ ვაპირებთ, 77 უდრის თუ არა 150-ს. დიპლომატებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, პრაქტიკულად, ოპოზიცია არგუმენტებში 100-ით ნული დავამარცხეთ. გამოსაყოფია იურიდიული არგუმენტები, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბარი წარმოუდგენელი იყო და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მოდელს ქართული მოდელი დაარქვეს. დიალოგს წინ არაფერი უდგას, პირველი რაუნდის შედეგი დღეს ვნახეთ, როცა ე.წ. გერმანული მოდელი თავად უარყვეს და თქვეს, საზოგადოებას ვატყუებდითო“, – განაცხადა მდინარაძემ.