მამუკა მდინარაძე - დიალოგის მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს, როდესაც კომპრომისზე ოპოზიციის რაციონალურ ვერსიას მოვისმენთ
მამუკა მდინარაძე - დიალოგის მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს, როდესაც კომპრომისზე ოპოზიციის რაციონალურ ვერსიას მოვისმენთ

დიალოგის მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს მაშინ, როდესაც ოპოზიციის რაციონალურ ვერსიას მოვისმენთ კომპრომისთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასკვნაში ეუთო/ოდირმა დასკვნაში თქვა, რომ საჭიროა შედგეს კონსენსუსი.

„გუშინ, საზოგადოების მოტყუების მორიგი უშედეგო მცდელობა ვნახეთ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ეუთო/ოდირის დასკვნის გასაღება სხვანაირად სცადეს. კარგია, რომ ეს მესიჯი მათ ვერ გაიტანეს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ის კონსტიტუციურობას არ აფასებს. გარდა ამისა, თქვა, იგივე, რასაც ამბობენ ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა შედგეს კონსენსუსი. ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგია, რომ შევთავაზეთ 100/50-ზე, ნაცვლად 77/73- ისა. ოპოზიციას კი გარდა პროპორციული სისტემისა, სხვა მოდელი არ შემოუთავაზებია და ჩვენს შეთავაზებაზეც „არას“ გარდა არაფერი უთქვამს. კონსენსუსის არსი ის არ არის, რომ ერთი მხარე დათმობაზე მიდის და მეორე მხარე – არაფერზე. ამიტომ ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის იქნება, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ.

მათ სიტყვა „კომპრომისის“ არსიც კი არ ესმით. გუშინ ხომ გამოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ ვისთვის უნდა მიემართათ კონსტიტუციურობის ტესტის გასავლელად. ახლა გვიწევს განვუმარტოთ სიტყვა “კომპრომისის” არსი. მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს მაშინ, როდესაც მათ რეალურ, რაციონალურ ვერსიას მოვისმენთ კომპრომისთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.