მამუკა მდინარაძე - დღეს ვერ შევძლებ დადასტურებას, რომ უმრავლესობა დათანხმდება სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას, თუმცა ვაფიქსირებ მისდამი პატივისცემას
დღეს ვერ შევძლებ დადასტურებას, რომ უმრავლესობა დათანხმდება სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას, თუმცა ვაფიქსირებ პატივისცემას, როგორც წესიერი და პროფესიონალი ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „მოქალაქეების“ მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„შესაძლებელია, არ იყოს უმრავლესობაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მით უმეტეს, რომ ჩვენთან იყო აზრი, რომ პოლიტიკურად მიკერძოება იყო კანდიდატობის გამომრიცხველი გარემოება. ჩვენ ამაზე არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ამიტომ ცალსახად და გადაჭრით მე რომ დავადასტურო, რომ უმრავლესობა ამაზე დათანხმდება, დღეს ვერ შევძლებ, თუმცა კიდევ ერთხელ, პირადად მე შემიძლია დავაფიქსირო მის მიმართ პატივისცემა, როგორც პატიოსანი, წესიერი ადამიანისა და პროფესიონალის მიმართ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, – „წინა შემთხვევაში, როდესაც იაგო ხვიჩია იყო წარდგენილი, პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ ერთ-ერთი არგუმენტი, რომ პოლიტიკოსი არ უნდა გახდეს სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში, ლევან იოსელიანს თუ ექნება მხარდაჭერა, გადაზღვეულია რისკები, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს?“ – მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ეს არგუმენტი, შესაძლებელია, უმრავლესობის სხდომაზე ბევრმა დეპუტატმა მოიტანოს და სწორედ აქედან გამომდინარე, გადაჭრით პასუხს ვერიდები“.
„უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან პრინციპულად იყო გახმოვანებული პოზიცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური მიკერძოება უნდა ყოფილიყო გამომრიცხველი. ეს იქნება სასწორის ერთ პინაზე დადებული მძლავრი არგუმენტი, თუმცა, მეორე მხრივ, აქვე ვადასტურებ, რომ ლევან იოსელიანი არის პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ადამიანი და უნდა ავწონოთ ეს არგუმენტები, შევადაროთ ერთმანეთს და უმრავლესობამაც ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, სავარაუდოდ, ამის გახმოვანების საშუალება, რა გადაწყვიტა უმრავლესობამ, მექნება უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.