მამუკა მდინარაძე - დღეს, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე სულ რამდენიმე ადამიანია გამოკითხული, ნებისმიერი შეფასება უპასუხისმგებლობაა
ჩვენ სიმართლის დადგენას ვცდილობთ და ნებისმიერი რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება ამ სიმართლიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კაპანაძე ხვალინდელ სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოების მიმართ რეკომენდაციების შემუშავების საკითხს დააყენებს.
მამუკა მდინარაძის აზრით, ამ ეტაპზე ნებისმიერი შეფასება უპასუხისმგებლობაა.
„პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ეს პასუხები აკმაყოფილებს თუ არა ობიექტურ რეალობას, შეფასების საგანია. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი შეფასება უპასუხისმგებლობაა, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანია გამოკითხული და ბევრი, მათ შორის ამ ამბის თვითმხილველი, გამოკითხული არ არის. მე ასევე მგონია, რომ ადამიანები, ვინც ასეთი რეკომენდაციების გაცემას დღეს ძველ სტილში აპირებენ, თავის ძველ სტილში მუშაობენ. ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები იყო ის უდიდესი შეცდომა და მათ შორის დანაშაულები, რომლებსაც ადამიანების უკანონო მსჯავრდება და უკანონო დაპატიმრებები მიჰყვებოდა ხოლმე. მთავარია, რომ ჩვენ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა გამოვიტანოთ. ობიექტურად, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩატარებული მოქმედების შედეგად უნდა დავადგინოთ, სიმართლე რა არის. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ერთი მიმართულებით წაიყვანონ და გარკვეული ტენდენციები გამოიყვანონ, რაც ერთის მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს და ამიტომ არის, რომ ისინი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კომისია სიმართლის დადგენას ცდილობს და ნებისმიერი რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება სწორედ სიმართლიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული.
„კიდევ უფრო გასაკვირი ის გახლდათ, რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ სამი საათი ჰქონდათ, არც ერთი, გარდა ფარდულის ნაწილისა, კითხვა არ დაუსვამთ, რომელიც ზაზა სარალიძის გახმოვანებული კითხვების ადეკვატური და შესატყვისი იქნებოდა. ეს კითხვები ჩვენ დავსვით და ამ კითხვებზე გარკვეული პასუხები მივიღეთ, რომლებსაც სამომავლოდ შეფასება ასევე სჭირდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს სერგი კაპანაძის რეკომენდაციებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ნებისმიერ რეკომენდაციას დღეს არც კი შეაფასებს, რადგან მისივე თქმით, ეს ძალიან ნაჩქარევია.
„ამის შეფასება, დათანხმება ან არდათანხმება მომდევნო ეტაპის საქმეა, რომელსაც, როგორც მინიმუმ, თვითმხილველების გამოკითხვის შემდეგ გადავწყვეტთ. დათანხმებაზე მაქვს საუბარი. დღეს ეს უპასუხისმგებლო განცხადება და გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ორ მხარეს მოვუსმინეთ და არც ერთი თვითმხილველის ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ხვალ შსს-ს წარმომადგენლისა და პროკურორის გამოკითხვა გაგრძელდება, რადგან მათ მიმართ კითხვები დარჩა.
ხვალ იგივე ადამიანების გამოკითხვა გაგრძელდება. დამატებითი კითხვები დარჩა, რომელიც კომისიის წევრების უმრავლესობის, ასევე ჩვენი მხრიდან დაისმევა. ხვალ გარკვეული დეტალები კიდევ უფრო დაზუსტდება. დღევანდელი მათი გადაწყვეტილება და ნაჩქარევი ბრიფინგი გასაკვირი ამის გამოც იყო, რომ ამ ადამიანების გამოკითხვაც კი დასრულებული არ არის და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული მიმართულებით რეკომენდაციები გასცენ და შეფასებები გააკეთონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ კახა სირაძესა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს მოუსმინეს. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა ხვალ, 15:00 საათზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლისა და საქმის პროკურორ, ზვიად ფხაკაძის მოსმენით გაგრძელდება.