მამუკა მდინარაძე - დღეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან გამოვიდნენ როგორც ანარქისტები
დღეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან გამოვიდნენ როგორც ანარქისტები, სამწუხაროდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ოპოზიცია საზოგადოებას ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, რაც არის ერთის მხრივ საგანგაშო. თუმცა საბედნიეროდ, მათ ამის ძალა არ შესწევთ. მეორეს მხრივ, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას და მიუხედავად ხელისუფლების ჰუმანურობისა, კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია, სახელმწიფო არ დაუშვებს და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს. ეს არის როგორც ჩანს მათი მიზანი. მე პირადად მაინც მგონია, რომ ბოლო მომენტამდე იქნება იმისი მცდელობა, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. არ მგონია მიშას თამაშს ბოლომდე დაჰყვეს და შესაბამისად, რადიკალური სცენარის განვითარებას შეუწყოს ხელი თავისი მოგონილი პოლიტდევნილობით“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას აცდენილია.
„ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებაში და აზროვნებაში ახლა ფრთებს ისხამს. მაგრამ რეალურად ისინი მართლაც აცდენილები არიან დღევანდელ სიტუაციას, რეალურ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია. მაშინ როდესაც, პანდემიის ძალიან მძიმე ზიანის გამო არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ძალიან ბევრი მოქალაქე, მაშინ როდესაც, ქვეყანა არის ოკუპაციის პირობებში ამ პირობებში მოგონილი არგუმენტები და არგუმენტი, რომ მორალი კანონის მხარეს არ არის, შეუძლებელია რაიმე აქტივობა განახორციელონ. ამორალურია ასეთ დროს შენს ქვეყანას ურტყამ მოგონილი არგუმენტებით და მოგონილი პოლიტდევნილობით. მაშინ როდესაც, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და არა ხელისუფლებაზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.