მამუკა მდინარაძე - დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი, არავის ეშინია მათი კოალიციის
მამუკა მდინარაძე - დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი, არავის ეშინია მათი კოალიციის

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი, – ამის შესახებ ფრაქია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის არ ეშინია.

ამასთან, მდინარაძს განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გიორგი გახარიას პარტიას ის ნამოქმედარი „გაუპრავოს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გულისხმობს.

„გახარიას პარტიის წარმომადგენლების გაცხარება ალბათ გახსოვთ, როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ისინი გახდნენ „ნაცმოძრაობის“ დანამატები. დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ზუგდიდში, მათი მხრიდან კოალიციის შეკვრით. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც მათ დაალაგეს კოალიცია. ახლა გვეუბნებიან, თქვენც დაგიჭერთ მხარსო. ჩვენ არ ვაპირებთ, მათ ჩამოვრეცხოთ ის სირცხვილი, რაც „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციით მიიღეს. არ ვაპირებთ თამაშში შეყოლას, გუშინ კოალიცია შევკარი „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ დღეს თქვენც დაგიჭერთ მხარს და გუშინდელს ამით ჩამოვირეცხავთო, მე თქვენ გიღალატეთ, მაგრამ ხანდახან თქვენთანაც ვიქნებიო. ამ ლოგიკით ჩვენ არ ვაპირებთ მათ „გავუპრაოთ“ ძალიან ცუდი ნამოქმედარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ, ვერავინ გაბედავს, მერის მიერ დაყენებულ საკითხს არ დაეთანხმოს.

„არავის ეშინია მათი კოალიციის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პირიქით, ერთგვარი გამოწვევაც კი არის. აბა, ვინმემ გაბედოს მერიის ინიციატივა, რომელიც მართლაც გამომდინარეობს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან და დაბლოკოს პერსონალური თუ პოლიტიკური ინტერესებით. აბა გაბედონ და რა პოლიტიკურ საკითხს მიიღებენ, მერე ვილაპარაკოთ. საკითხები დადგება საჭიროებებიდან გამომდინარე და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება. რაც არ უნდა კოალიცია დაალაგონ, მათ მოუწევთ სწორი გადაწყვეტილებების მონაწილეები იმგვარად იყვნენ, რომ მერიის ინიციატივებს დაეთანხმონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს. ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი აქვს „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, 20 „ქართულ ოცნებას“, სამი მანდატი აქვს პარტიას „საქართველოსთვის“.