მამუკა მდინარაძე - დღეს გამოჩნდა, რისთვის სჭირდებოდათ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში
დღეს გამოჩნდა, რისთვის სჭირდებოდათ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„უგულავამ, სააკაშვილის ერთ-ერთმა ახლად წამოწეულმა ლიდერმა იმიტომ, რომ რადიკალიზმით გამოირჩევა ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ ათეულ მილიონობით ლარზე და მის მოპარვაზე აქვს მსჯავრდება, თქვა, რომ არაო, სადაც გადაიყვანდნენ კლინიკაში, იქ გვქონდა ეს დათქმაო, სასამართლოზე არაო. სიტყვაზე პატარა ბავშვები რომ თამაშობენ, ბავშვებს რას ვერჩი, მაგრამ ერთმანეთში, ის სიტყვა თქვი? არა, ის სიტყვა არ მითქვამს, ეს სიტყვა ვთქვი, დაახლოებით ამ დონეზე არიან დასულები, მაგრამ რეალურად, უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, დღეს ხომ გამოჩნდა, რისთვის სჭირდებოდათ მათ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში. იმისთვის, რაც დღეს დადგეს და რაც ვერ გააკეთეს, იმისთვის კიდევ უფრო. ეს არის მთავარი, რომ მათ იმისთვის კი არ სჭირდებოდათ, რომ თითქოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთმეოდა სააკაშვილს. იგივე უფლება არის რეალიზებული ყოველთვის, როცა კოვიდრეგულაციის თუ სხვა არგუმენტის გამო, თუნდაც მისი ჯანმრთელობის გამო შეიძლება, ჩაერთოს და ასე ერთვება ასეულობით მსჯავრდებული. საკუთარი უფლებების რეალიზების უფლება ამით აქვს, მაგრამ ფიზიკურად იმიტომ სჭირდებოდათ, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს და უფრო მეტიც, რაც იკადრეს, მაგრამ ვერ განახორციელეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.