მამუკა მდინარაძე - დღეს დაგეგმილ პროვოკაციებს კონკრეტული აქტორები ჰყავს, ამას ვიღაცები დირიჟორობენ
მამუკა მდინარაძე - დღეს დაგეგმილ პროვოკაციებს კონკრეტული აქტორები ჰყავს, ამას ვიღაცები დირიჟორობენ

დღეს დაგეგმილ პროვოკაციებს კონკრეტული აქტორები ჰყავს, ამას ვიღაცები დირიჟორობენ. რუსთაველზე გულწრფელი ადამიანებიც იქნებიან, ვინც დააჯერეს, შეიძლება, ეს ძალიან ბევრი არ იყოს, მაგრამ დააჯერეს ადამიანები, მათი გარკვეული ნაწილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა სამშობლოს იცავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე ვერავინ თქვა არგუმენტი, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული.

„ამ დროს, ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონი რუსული, რატომ არის კანონი არაქართული ან რატომ შეიძლება იყოს ანტიქართული. ერთადერთი, რასაც ემსახურება, ეს არის გამჭვირვალობა და ეს ემსახურება პრევენციას, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბების პრევენცია მოხდეს. სხვა მიზანი არ აქვს. თვითმიზანი არ არის მარტო გამჭვირვალობა, გამჭვირვალობას ბევრი მიზანი აქვს. მე მკითხეს, რატომ აიტკიეთ აუტკივარი თავიო, იმიტომ, რომ უფრო დიდი თავის ტკივილი უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში ოქტომბერში. ამის შესახებ ცალკე ინფორმაციები იყო, ცალკე გაუმჭვირვალობა. ამიტომ იყო, ჩვენ შარშან ვამბობდით, რომ აღარ დავაბრუნებდით და წელს დავაბრუნეთ, რადგან მათი მხრიდან პირობა არ შესრულდა, გამჭვირვალობა გახდა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გამორიცხულია შარშანდელი პროცესების განმეორება.

„თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული. თუ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, პოლიცია გასცემს ამას პასუხს, კანონის ფარგლებში. ნახეთ, ცოტნე კობერიძის განცხადება, გადაგივლითო, ეს არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატირის მიმართვა პოლიციის მიმართ. ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ზივზივაძე აორგანიზებს ახლა ძალადობას, ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა ეს ამბავი. თუ ასეთი იქნება, ამ შემთხვევაში მოუწევს პოლიციას რეაგირება. სხვა შემთხვევაში, პოლიცია თავისით არ მოახდენს რეაგირებას, რაც არ იქნება, იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მდინარაძემ.