საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე მისთვისაც ის გარემოებებია ცნობილი, რაც გახმაურდა.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.
„არ შეიძლება, წარმოდგენა მქონდეს, გამოძიება ვისთან მივა, იქიდან გამომდინარე, რომ დეტალურად არ ვიცნობ მტკიცებულებებს, არ ვიცნობ იმ გარემოებების გარდა, რაც გახმოვანდა. გამოძიება გააგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც ისინი აცხადებენ, ყველა ვერსიაზე მიდის მუშაობა. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რადგან მტკიცებულებების გარეშე, ბრალს ვერავინ ვერავის წაუყენებს, ვინც უნდა იყოს, როგორ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაშიც არ უნდა ჯდებოდეს ის ადამიანი ან ჯგუფი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც საქმეში არ არსებობს.
„ამ საქმეში არის რუსული, გერმანული, ამერიკული, ქართული რუკა, ასევე ჩხრეკის დროს ამოღებული რუკები, 6-7 სხვადასხვა რუკაზეა საუბარი. ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს ამაში. ოპოზიცია, მისი ტელევიზიები ამბობენ, რომ რუსეთი აკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის საქმეს, წარმოუდგენელ აბსურდზე საუბრობთ. ქართულ ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი. ერთ-ერთი რუკა რუსეთისგან იქნა მოძიებულიო, ამაზე აგებთ მთელ ნარატივს.
მოვიკითხე ეს ამბავი, როდესაც მითხრეს, რომ სასულიერო პირი ამბობდა, რომ 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში რუკა მიიტანა. ეს რუკა იყო არაავთენტური, შეკოწიწებული, რაღაც მიწებებული და ა.შ. რუკა, რომელიც ვერ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, არც ორიგინალი იყო, არც სტამბაში დაბეჭდილი ერთიანი დოკუმენტი, რომ ავთენტური ყოფილიყო, ისეთი, როგორიც მაგალითად ჩხრეკის დროს მოაღებული, როგორიც რუსეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან მოძიებული რუკები.
ამიტომ ეს და სხვა შესაძლო ასლი შეიძლება გამოყენებულიყო მხოლოდ რწმენისთვის, ანუ ინფორმატიული იყო. ჩვენ ეს გვეუბნება, რომ საქართველოს ტერიტორიაა, თუმცა მტკიცებულებად ვერ გამოიყენებ. ამ ინფორმაციის მიღებამ გაამძაფრა სურვილი, მათ შორის როგორც ვიცი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ რადგანაც არსებობს ასეთი შეკოწიწებული ასლები, შესაბამისად, უნდა არსებობდეს რუკები, რომლებიც ავთენტური და ორიგინალი იქნება. როდესაც ხდება ცნობილი, რომ არსებობს ავთენტური რუკები და ეს ცნობილი ხდება თავდაცვის სამინისტროსთვის, თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიმართოს პროკურატურას, რომ აქ რაღაც იმალება და გამოსაძიებელია.
თუკი ეს ინფორმაცია პროკურატურაში შევა წინასაარჩევნოდ, პროკურატურამ ეს უნდა დამალოს და თქვას, რომ არჩევნები გაივლის და მერე დავიწყებ გამოძიებას, თუ გამოძიება უნდა დაიწყოს? ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს და ე.ი. უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ვიღაცა მავნებელი პოლიტიკოსი და მისი მავნებლურად მოლაპარაკე ტელევიზიები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდისთვის გათვლილი, მაგრამ იმის გამო, რომ ასე მავნებლობენ, გამოძიებას ვერ გააჩერებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო 5 წლის განმავლობაში ინტენსიურ სამუშაოებს ატარებდა და გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლის მიხედვით, მოძიებული იქნა რუკები.
„5 წლის შემდეგ ახალი გარემოებები გამოჩნდა, რომელი გარემოებების მიხედვითაც, მოძიებული იქნა რუკები. 5 წელი ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებდა თავდაცვის სამინისტრო. 5 კი არა 10 წლის შემდეგ რომ გამოჩენილიყო რაღაც, მაშინვე გამოძიება უნდა დაწყებულიყო. გაისად რომ მომხდარიყო ამ რუკების და ფაქტების აღმოჩენა, იტყოდით, თვითმმართველობის არჩევნებიაო, იმის შემდეგზე – 2024 წლის არჩევნებისთვის გააკეთესო, შარშან და შარშან წინ რომ მომხდარიყო, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებისთვის გააკეთესო და მაშინ ვეღარ უნდა გამოიძონ საქმეები, რომლებიც არ აწყობს „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით კომისიის დონეზე ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების შემდეგ, „როცა 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წელს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ღალატის მუხლი გააუქმა“.
„კომისიის შეთანხმებების ის ეტაპი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაშია საუბარი, მიდიოდა 2006-2007 წლებში. იმ პერიოდის განმავლობაში გარკვეული სექტორები იყო შეთანხმებული, ოღონდ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კომისიის, საექსპერტო დონეზე, სახელმწიფოთა შორის რამე შეთანხმება არ არის, როგორც ამაზე ძალიან ცუდად და სახიფათოდ სპეკულირებენ ხოლმე.
როდესაც შეთანხმებები დგებოდა, ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს, როცა 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, დავარქვათ თუნდაც დამთხვევა, თუ ვინმე დაიჯერებს, რომ დამთხვევაა, საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის მარტში, თუ აპრილში სახელმწიფო ღალატის მუხლი გააუქმა.
ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ, როდესაც 2006 წელს სისხლის სამართლის რეფორმა მორჩა და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფოს ღალატი ერქვა, შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს, საერთოდ გააუქმეს ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე, საექსპერტო დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ.
შეგვიძლია ვთქვათ მეორე ვერსია, რომ ეს იყო დამთხვევა ან შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ეს ტვირთი მოეშორებინათ. ჩემი სუბიექტური აზრით, როდესაც ორ ვერსიას განიხილავენ, ერთი – ეს იყო ექსპერტების დალოდება და სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელები იმის მიხედვით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რასაც ეტყოდნენ, მეორე ვერსიაა, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ექსპერტებს უნდა აღესრულებინათ.
მე უფრო ვფიქრობ, რომ ქვევიდან ზევით მაშინ გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. არავის ახსოვს „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, ისე მოიქცეოდა, რასაც ექსპერტი მაგალითად მაშინდელ პირველ პირს ურჩევდა. მე უფრო მგონია, რომ გადაწყვეტილებები ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, თუმცა ამაზე მხოლოდ ეჭვი შეგვიძლია გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი გამოძიების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.