მამუკა მდინარაძე - დავალიანების დასაფარად ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება და მის ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“
600 000-ზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა. ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. სასიხარულოა, რომ 600 000-ზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან სრულად გამოისყიდის მოქალაქეთა ამ დავალიანებას და 15-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში 600 000-ზე მეტი ადამიანის დავალიანებას გაანულებს. ხაზს ვუსვამ, ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საუბარი ეხება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მოვალეთა რეესტრში და მათი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს.
„ასეთი კი შავ სიაში მყოფ ადამიანთა 95 პროცენტია და მათი დავალიანების ჯამური თანხა მილიარდ-ნახევარ ლარს უტოლდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნით ღირსეული ცხოვრების პირობებს თითოეული ადამიანისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.