მამუკა მდინარაძე - დარღვევა არ არის, რომ პარტიის ოფისში კოორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი ამომრჩეველი მივიდა და რამდენია ჩვენი მხარდამჭერი
ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენი პარტიის ცენტრალურ ოფისში კოორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი ამომრჩეველი მივიდა და რამდენია ჩვენი მხარდამჭერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა, რა უნდა კოორდინატორს საარჩევნო უბანზე. მახსოვს 2016 წლის არჩევნები, როდესაც პირადად ჩემი კონკურენტი იყო მისული და იმ სიაზე ჩხუბობდა მაშინაც, რომელიც ჩვენს კოორდინატორს ხელში ეჭირა და აღრიცხავდა ამომრჩეველს, ინიშნავდა, ან უფრო ზუსტად, რომელი მიდიოდა, რომელი აფიქსირებდა მხარდაჭერას. ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა არ არის, რომ კოორდინატორებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ამომრჩეველი მოვიდა, მათი ვარაუდით და მათი ინფორმაციით, რამდენია ჩვენი მხარდამჭერი, ეს არანაირი დარღვევა არ არის. როდესაც გეუბნებით ხოლმე, რომ ჩვენი მხარდაჭერა მაღალია, ვიმარჯვებთ და ასე შემდეგ, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყდნობით გეუბნებით. ამიტომ, ამაში არც კანონიერი და თუნდაც არც მორალური, არანაირი პრობლემა არ არის და არანაირი დარღვევა არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მთავარია, რომელიმე კოორდინატორმა, უბანთან გარეთ, შორიახლოს მდგომმა პირმა ზემოქმედება რაიმე ფორმით არ განახორციელოს ამომრჩეველზე.
„თუ ზემოქმედებას არ ახორციელებს, ეს კოორდინატორი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება მხოლოდ იმაში, რომ ისინი აღრიცხავენ მხარდამჭერების დავუშვათ რაოდენობას. იცავენ ყველა წესს, რომელიც არის კანონით დადგენილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.