მამუკა მდინარაძე - ცრუ აღმოჩნდა ნარატივი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია
მამუკა მდინარაძე - ცრუ აღმოჩნდა ნარატივი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ცრუ აღმოჩნდა ნარატივი, თითქოს დეოლიგარქიზაციის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, დემოკრატიულ ღირებულებებს.

მდინარაძის თქმით, ვენეციის კომისიას მსგავსი ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებზეც უნდა იმსჯელონ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო სახე სწორედ დისკუსიის შედეგად უნდა მიიღონ.

„სხვადასხვა სახის სპეკულაცია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვთარგმნეთ პირდაპირ უკრაინული კანონმდებლობიდან. რატომღაც, სამწუხაროდ, გადაიდო უკრაინულ კანონთან დაკავშირებით დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიის მხრიდან დასკვნის დადება. საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში ანალოგიურ კანონპროექტებზე დაიდო დასკვნა. ნარატივი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, ცრუ აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია, თუმცა მან მთელი რიგი მიმართულებით განაცხადა, რომ საჭიროებს დახვეწას. რა თქმა უნდა, დისკუსია უნდა გაიხსნას და დეტალურად მივყვეთ ყველა რეკომენდაციას. სპეკულაცია რომ ვერავის მოეხერხებინა, ხომ სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ, ახლა ვიღაც-ვიღაცებმა შეიძლება იმის თქმაც კი მოახერხონ, რომ ამ მსჯელობით შესაძლოა, გადაიქცეს რუსულ კანონად. ამის მძაფრი გამოცდილება მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შემოვიდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დეტალურ განხილვებში, და არა კრემლის, როგორ ისინი ახერხებდნენ ხოლმე სპეკულაციებს. დისკუსიის შედეგად უნდა მივიღოთ კანონის საბოლოო სახე.

ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ერთი სიტყვა არ წერია იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ფაქტებზე მაინც შევთანხმდეთ, ფაქტი ხომ ისაა, რომ უკრაინულის დასკვნა გადაიდო, საქართველოს და მოლდოვას ეს დასკვნა მისცეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივყვეთ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიამ დადო, რათა წუხილები იყოს გამორიცხული. დასკვნიდან თითოეულ შენიშვნას უნდა მივყვეთ ყურადღებით, რომ რისკები, რომლებზეც თავად ვენეციის კომისია მიუთითებს, იქნას გამორიცხული. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირთა მიერ, შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და ამ ხარვეზებზე იმსჯელეთო. ჩვენ ახლა ვიმსჯელოთ ამ ხარვეზებზე, გამოვრიცხოთ რისკები და ამ რისკების გამორიცხვით მივიდეთ კანონპროექტის საბოლოო სახემდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი კიდევ ერთხელ განმარტა.

„პირველი – ახალი ცვლილებები, რაც შევიდა, დადებითად იქნა შეფასებული; მეორე – ძველ, გარკვეულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ითქვა, რომ ჯერჯერობით მათი ნაწილი შესრულებული არ არის. ჩვენი არგუმენტი იყო, რომ ეს არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. ვენეციის კომისიამ მიიღო ეს არგუმენტი, რადგან ახლა რომ ძველიდან გამომდინარე რამე ცვლილება შეიტანო, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება, გააუქმოს გარკვეული ნაწილი. ამიტომ შეუძლებელია, რაიმე ცვლილება შეიტანო ძველიდან გამომდინარე, ახალი მოიწონა. ძველიდან გამომდინარე ცვლილებები ვერ შევა და დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არგუმენტი მიიღო თავად ვენეციის კომისიამ; მესამე იყო გარკვეული კორპორატივიზმის საკითხი, რომელიც მან წამოჭრა და თქვა, რომ სმენია ამის შესახებ. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ კორპორატივიზმის მომენტები შეინიშნება, მან თქვა, რომ ამაზე მიდის საუბრები, არის ასეთი აღქმა. დიახ, არის აღქმა და საუბრები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ენჯეოსექტორის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი, მდიდარი „ენჯეოები“ ამაზე სულ საუბრობენ და შემდეგ ხდება მოჯადოებულ წრეზე სიარული. დავუშვათ, ერთ-ერთ მდიდარ „ენჯეოს“ ეკითხები, საიდან მოიტანეთ? გეუბნება, რომ ეს თქვა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისია, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამაზე საუბრობენ. ანუ, ერთმანეთის მიმართ ხელის გაშვერის მარტივი სქემაა, მაგრამ ნამდვილად არ ვამბობ, რომ ამ სქემაში ჩართულია ვენეციის კომისია, რადგან ვენეციის კომისია ამბობს იმას, რაც არის. არის საუბრები ამასთან დაკავშირებით? დიახ, საქართველოში არის საუბრები იმის შესახებ, რომ გარკვეული კორპორატივიზმი არსებობს სასამართლოში, თუმცა ეს ტყუილია თუ მართალი, ვენეციის კომისია თავისი მხრიდან ამას არ და ვერ ადასტურებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.