მამუკა მდინარაძე - ჩვენთვის მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად, შეამოწმონ ქართველი მოსამართლეები, ეს თემა არის დახურული
ვინმე თუ მოიტანს რაიმე სახის არგუმენტს, მტკიცებულებას, რომ დამატებითი შემოწმება სჭირდებათ ქართველ მოსამართლეებს, მაშინ შეიძლება, ამ თემას დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს თემა არის დახურული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. ვეტინგის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამის მთავარი ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში ქართული შტოების შესახებ, ზოგადად საქართველოს შესახებ და არამხოლოდ ხელისუფლების შტოების შესახებ, გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში ქართველების მიერ. ჩვენთვის არ არის მისაღები ის დამოკიდებულება, რომ უცხო ქვეყნის, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნებისმიერი წარმომადგენლის მიუხედავად, დაუშვებელია, რომ ამ ქვეყანაში შემოწმება და სხვა სახის გადაწყვეტილება მიიღოს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. გამორიცხულია ეს ამბავი, დაუშვებელია. ეს არის ცუდი პრეცედენტი ზოგადად. ჩვენ ვერ მივბაძავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ დამოკიდებულებით, მაგალითად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რამდენიმე ათეული პუნქტით ჩამოგვრჩებიან. ჩვენ ამით ვართ ძალიან თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში, რადგან ნებისმიერ გამოკითხვაში, კვლევაში, ჩვენი ქვეყანა სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილებების სიმყარის და ა.შ. ნებისმიერი პარამეტრით, თუკი რაიმე შეიძლება მოვიფიქროთ ჩვენ და სიტყვის მასალადაც გამოვიყენოთ, ყველა პარამეტრით საშუალო ევროპულ დონეს ვუთანაბრდებით. კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებით.
შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად, შეამოწმონ ქართველი მოსამართლეები. თემა არის დახურული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.