მამუკა მდინარაძე - ჩვენს ქვეყანას ვერავინ დასჯის იმის გამო, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს და ეს მისი ავადმყოფობის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს გასცდა, ასევე ვიგებთ რეზოლუციების შესახებ ამბავს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ „ნაცმოძრაობა“ და მისი დავალების მიმცემები საქართველოს დაზიანებას ცდილობდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე აღნიშნული კომენტარით გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.
„ფარა“ იმ კანონის ანალოგია, რასთან დაკავშირებითაც თბილისში 7-9 მარტს საპროტესტო აქციები იყო და მცდელობა იყო, საქართველოში მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს ამბავს, რომ, სააკაშვილის ავადმყოფობის გაპიარების გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ, რომ საქართველო იყოს დასანქცირებული. ანუ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს და ეს მისი ავადმყოფობის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს ამგვარად გასცდა. ასევე, რეზოლუციების შესახებ ამბავს ვიგებთ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ „ნაცმოძრაობა“ და მისი დავალების მიმცემები საქართველოს დაზიანებას ცდილობდნენ. მისი დრაფტი, პროექტი და ტექსტი შედგენილია სააკაშვილის ოჯახისა და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ. მილიონი დოლარია გადახდილი, რომ საქართველო დასანქცირდეს. ამაზე ჯერ კიდევ შარშან ვლაპარაკობდით და წელს დადასტურდა.
ლობისტები იძულებული გახდნენ, „ფარა“-ში ანგარიში წარედგინათ. წარმოიდგინეთ, ზურგს უკან კიდევ რა შეიძლება, ხდებოდეს. როცა ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მათ წარმომადგენლებში სააკაშვილის ლობისტებს არ ვგულისხმობთ. ერთი მხრივ, ლობისტების საქმიანობაში მილიონობით დოლარია დახარჯული და შემდეგ ისინი ევროპარლამენტარებს დოკუმენტებს უწერენ. ეს მართლა პარადოქსია, სკანდალია. „ფარა“-ში დოკუმენტები წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი ევროპარლამენტარებს რეზოლუციის დრაფტებს უწერდნენ და ცდილობდნენ, საქართველო დაესანქცირებინათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ ამ საკითხზე მარტო ეს ადამიანები მუშაობენ. სამწუხაროდ, სხვა ადამიანებიც მუშაობენ და საქართველოს დაზიანებას ცდილობენ. ეს ერთი გზაა, ერთი არხია და სხვა არხებიც არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო დგას პრინციპულად თავის პოზიციაზე, ხელისუფლება პრინციპულად ინარჩუნებს მშვიდობისა და ეროვნულ პოლიტიკას, რაც ასე გაგრძელდება.
„ჩვენს ქვეყანას ვერავინ დასჯის იმის გამო, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. ამის მცდელობებია და ეს არის ამ ყველაფრის თავი და თავი. ეს ასე უნდა გაგრძელდეს, არავინ უნდა გაიფიქროს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები სხვაგან მიიღება, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება. სალომე ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ უკვე გაუმართლა. ახლა მასზე ზეწოლა მიდის, რომ სიტყვები „არა და არასოდეს“ უკან წაიღოს. ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია. შეიძლება, ამისგან თავის დაღწევა გაუჭირდეს, მაგრამ რაც უფრო პრინციპულად დარჩება ამ პოზიციაზე, მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.