მამუკა მდინარაძე - ჩვენს მეგობრებთან კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ, ობიექტურ მხარესთან
ჩვენს მეგობრებთან კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ, ობიექტურ მხარესთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი გამოხმაურება მოსალოდნელიც იყო.
„არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან და მოდით, ავხსნათ რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერი დაკავებულ იქნა და როდესაც ამ ნიუსს მიიღებ ე.წ. ნიუსლეთერით, თუ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროთი, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი და ნეგატიური ინფორმაცია, მაგრამ როგორც კი სიღრმეში ჩახვალ, როგორც კი გაერკვევი, დაინახავ, რომ ამის იქით დგას მისი ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ნებით კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მისი განცხადებით კანონის დაუმორჩილებლობა. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულში წარსულში და ამის შემდეგ გახდა ის ამ პარტიის ფორმალური, მაგრამ მაინც თავმჯდომარე. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ, ობიექტურ მხარესთან“, – განაცხადა მდინარაძემ.