მამუკა მდინარაძე - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ლგბტ თემის პროპაგანდას და არა - უფლებების დაცვას
ლგბტ პროპაგანდა როდესაც დიდ მასშტაბებს იძენს, სწორედ ამიტომ სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და, მეორე მხრივ, არათუ შელახავს ან შეამცირებს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით იმ ადამიანების უფლებებს, ვისაც ეხება ზოგად ეს თემა, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა.
„ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა – უფლებების დაცვას. უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება, რის ამოფარებასაც ცდილობენ შემდეგ, რათა პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა, მარტივი ამბავია და უნდა ვთქვათ, რომ უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა ყველა ადამიანის, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ, და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია დღეს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ, დიახ, ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ არაჯანსაღ პროპაგანდას, ესეც მიდგომაა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, მაგრამ თუ დღეს უფრო გამწვავდა ეს პრობლემა, ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ და ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.