მამუკა მდინარაძე - ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან, მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ, რათა ჩვენი თითოეული გადაწყვეტილების სისწორეში დავარწმუნოთ
ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან, მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციას მეტად გავაგრძელებთ, რათა დავარწმუნოთ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილების სისწორეში, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კარლ ჰარცელმა კარგად ახსნა, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ მოლაპარაკების კარი დაიხუროს.
„აქ დათმობაზე არ არის საუბარი. ჩვენ შევეცდებით, მათ შორის ისეთივე მჭიდრო კომუნიკაცია გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან, მათ წარმომადგენლებთან, რომლებსაც მადლობას ვუხდით ყველა ჯერზე და შემთხვევეითი არ არის, რადგან მართლა ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რომ სტაბილურობისა და შეთანხმებისკენ წავიდეს პროცესი. მათთან კომუნიკაციას მეტად გავაგრძელებთ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილების სისწორეში. კარგია, რომ მათი მხრიდან აღინიშნება იმ მთავარი ნეგატიური ქმედებების შესახებ, რასაც ოპოზიცია ეწევა და კარგად ახსნა ჰარცელმა იმავე განცხადებებში, რას გულისხმობს ის, ოპოზიცია რას აკეთებს იმისთვის, რომ მოლაპარაკების კარი დაიხუროს.
რაც შეეხება ჩვენი მისამართით გამოთქმულ წუხილს დაფინანსების საკითხზე, ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ თუ პარტია დემოკრატიის განვითარებაში თავისი როლის შესრულებაზე უარს ამბობს, აქ ვიკამათოთ რამდენიც გინდათ. ჩვენც შევეცდებით დავარწმუნოთ, რომ ეს არის რაციონალური და სწორი სამართლიანი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობა სადაც იყო ხსენებული იმ ნაწილს, ნაციონალურ მოძრაობას ის ვერ შეეხება, კანონი, როდესაც ამოქმედდება შეეხება იმ პარტიას, რომელიც ისე მოიქცევა, როგორც ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი იქცეოდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ცენზს არ დააკმაყოფილებს, ანუ მხოლოდ სანქციაზეა საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს სრული უფლება, გააგრძელოს პროტესტი ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით.
„მათ სრული უფლება აქვთ, გააგრძელონ პროტესტის ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა და ამ ფორმით გამოხატვის სივრცე არის უდიდესი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით დღეს, თუმცა ძალადობრივი ტერმინის შემოტანა და ლეგიტიმურის დამატება უკვე მათ ზრახვებს ცხადყოფს და კარტებს ხსნის, რა სურთ მათ რეალურად. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ერთი მარტივი დათქმით, რომ 1 %-იანი გადახრის შემთხვევაში, კი ბატონო, ჩავატაროთ და კომისიაში თვითონ იყვნენ. იმ ფონზე, როცა ისინი არათუ ერთ არამედ ხუთ, 10%-ს და სხვადასხვა ციფრებს ამბობენ, გაყალბებაზე საუბრობენ, მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, რატომ ამბობენ მათთვის ერთი შეხედვით მისაღებ დათქმაზე უარს, თუ მათგან რომელიმეს მართლა სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რადგან მათ ჩვენთან ერთად აღმოაჩინეს, რომ არჩევნები კი არა „პივიტი“ გაყალბდა, ამიტომ ეს დათქმა მათთვის მისაღები არ არის. უბრალოდ, ასე ზეპირად უნდათ, რომ იძახონ – გაყალბდა არჩევნები და ასე დააჯერონ საზოგადოებას უარგუმენტოდ და ამ ეგიდით მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები, ხოლო დათქმა თუ 1%-იანი გადახრაა, მაშინ იყოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარებული ქვეყანაში – ეს არ აწყობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.