მამუკა მდინარაძე - ჩვენი კურსი არის დასავლური, იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულ სახელმწიფოს არ დასჭირდება, კრედიტს არ ავიღებთ, თუმცა პარტნიორებთან შეთანხმების პირობებს ყოველთვის შევასრულებთ
ქართულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რადგან ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, დამატებითი არ ავიღოთ სესხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დათქმებთან დაკავშირებით ქართულ სახელმწიფოს ყველა პუნქტი შესრულებული აქვს.
„ჩვენ შეგვიძლია მთავარ ფაქტებს მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, არსებობს დათქმები, მათ შორის კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ხაზგასმით, თავისუფლად და მთელი პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ამ დათქმებთან დაკავშირებით ყველა პუნქტი ქართულ სახელმწიფოს შესრულებული აქვს. ამ პუნქტებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ქართულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ რადგან ეკონომიკური ზრდა იძლევა ამის საშუალებას, დამატებით არ ავიღოთ სესხი, რომელიც კრედიტის სახით შეიძლებოდა ყოფილიყო დამატებით გამოყოფილი. ეს არის მთავარი. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ოპონენტების რიტორიკა და მესიჯი რამდენიმე თვის წინ, რომ ეს ვალი იყო ჩვენი შვილების გადასახდელია, დღეს აღარ არის დამატებით ვალი ჩვენი შვილების გადასახდელი? ანუ როგორც უნდათ ისე ჭრიან და ისე კერავენ. ამიტომ ფაქტებს ვერავინ ვერსად გაექცევა. მთავარია, რომ ჩვენ ვართ მართლები ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი კურსი არის დასავლური და რაც შეეხება კრედიტს, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქართულ სახელმწიფოს არ დასჭირდება, არ ავიღებთ. თუმცა დათქმებს და შეთანხმების პირობებს, რაც ჩვენს პარტნიორებთან გვექნება, ყოველთვის შევასრულებთ, ვასრულებთ და ეს ასე იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.