მამუკა მდინარაძე - ჩვენი ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომლის მოდიფიცირებული ვარიანტი დღეს ვნახეთ, ახლა ველოდებით ოპოზიციას
ჩვენი ხელმოწერა დაფიქსირებულია წარმოდგენილ დოკუმენტზე, დღეს ვნახეთ ამის მოდიფიცირებული ვარიანტი, პირველად ვარიანტზე ხელი უკვე მოწერილი გვაქვს და ახლა ველოდებით ოპოზიციას, მათი პოზიცია საინტერესოა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ჩვენი ხელმოწერა არის უკვე დაფიქსირებული წარმოდგენილ დოკუმენტზე. დღეს ვნახეთ ამის მოდიფიცირებული ვარიანტი. პირველად ვარიანტზე ხელი უკვე მოწერილი გვაქვს და ჩვენ ახლა ველოდებით ბუნებრივია, ოპოზიციას. საინტერესოა მათი პოზიცია.
დღეს არ არის არც ირაკლი კობახიძე თბილისში, იცით, რომ ვიზიტით არის და თვითიზოლაციიდან არის გამოსასვლელი ასევე პრემიერ-მინისტრი. მანამდე, ბუნებრივია, სრულფასოვნად ვერ ჩავატარებთ ვერც პოლიტსაბჭოს სხდომას, ვერც უმრავლესობის სხდომას. ამის შემდეგ უკვე ინფორმაციას კიდევ ერთხელ მივაწოდებთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას. იქამდე ალბათ, სავარაუდოდ ოპოზიციის გადაწყვეტილებაც იქნება ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს დღეს ახალი დოკუმენტი წარუდგინა.