მამუკა მდინარაძე - ჩვენი კანდიდატის შემართება ისეთია, არ მოასვენებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს თერჯოლაში
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, გვერდით დგომით, ბევრ რამეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ბეჟან წაქაძის შემართება ისეთია, რომ არ მოასვენებს აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, რომ თერჯოლაში კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძე თერჯოლაში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ გამოსვლებში აღინიშნა, რომ თერჯოლა არის ჩემპიონი კონკრეტული მიმართულებით და მან იმედი გამოთქვა, რომ თერჯოლა კიდევ ბევრი მიმართულებით იქნება ჩემპიონი.
„აქ უამრავი ადამიანია, რომელთაც შესწევთ უნარი, გაუმჯობესდეს ის სერვისები, პროგრამები და პროექტები, რომლებსაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს საზოგადოებას. ჩვენ ამ ყველაფერს წარმატებულად გამოვიყენებთ. წარმატება ჩვენ უნდა გავიხადოთ საფირმო ნიშნად, უამრავი პროექტი და საკითხია, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. განსაკუთრებით, ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ, რომ მსოფლიოს წინაშე შევძელით გვეამაყა კონკრეტული მენეჯმენტით, რომელმაც შეგვაძლებინა გვეთქვა,რომ დღეს ეს არის საჭირო, კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო, გადაგველახა ყველაზე კრიზისული პერიოდი და დღეს გამართულად, თავისუფლად გვესაუბრა რომ მეორე ტალღას გადავლახავთ ძალიან წარმატებით. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით და შრომით ბევრს გავაკეთებთ, ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ბოლო დღეებში აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ 2012 წლამდე, ავტობანი რამდენიმე წელში 68 კილომეტრი აშენდა, წელს ჩვენ ვაშენებთ 70 კილომეტრს და ასეთი მაგალითი ბევრია. 2007-2014 წლებში თურმე, არც ერთი ოქროს მედალი არ გვქონდა სპორტში, ოლიმპიურ სახეობაში, 2019 წელს ბიჭებმა აიღეს 1200 მედალი და არაერთი ოქრო მათ შორის. აი, ასეთი ბევრი კონკრეტული მაგალითები გვექნება და დარწმუნებული ვარ, როდესაც ასეთი ინერცია გვაქვს აღებული, განვითარების დინამიკა კიდევ უფრო მაღალი იქნება, თერჯოლა ამაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და თავის სიტყვას იტყვის ამ არჩევნებიდან დაწყებული მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.