მამუკა მდინარაძე - ჩვენც იმავეს ვიმეორებთ, რასაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა მუშაობდეს
ჩვენც იმავეს ვიმეორებთ, რასაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა მუშაობდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.
„როცა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ასეთ განცხადებას ახმოვანებს, ერთი მხრივ, პიროვნული ფაქტორი მოქმედებს და მეორე მხრივ, ვერ შეედავები ვერც ერთ ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, რადგან ჩვენც იმავეს ვიმეორებთ და მართლები ვართ, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა მუშაობდეს. პარტნიორების მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მსოფლიოს და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას უმძიმესი ვითარება აქვს, რაც პანდემიამ შექმნა. პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი ყველა ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვება და ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო დამაზიანებელია ე.წ. ბოიკოტი და ოპოზიციის საბოტაჟი, რაზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ზოგადად, პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება, ამიტომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ და გუშინ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღეთ, უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ ოპოზიციონერებს, ღია დავტოვეთ სივრცე, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა გაიაზრონ“, – განაცხადა მდინარაძემ.