მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება, მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ, „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეგვიძლია, დავარქვათ ომის პარტია
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება, მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ, „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეგვიძლია, დავარქვათ ომის პარტია

ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება, მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარს უჭერენ უკრაინელ ხალხს, მშვიდობას რეგიონში და მოუწოდებენ პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომ.

„უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერი ისე წერია, როგორც ეს მოცემულ სიტუაციაშია საჭირო. პოლიტიკა პრიმიტიულად არ კეთდება. თუ ამ ქვეყანაში ვინმეს უნდა, პრიმიტიულ დონეზე დაიყვანოს პოლიტიკა, პოლიტიკის კეთება, ეროვნული ინტერესების გატარება, რომ „ვიღაცას ერთი ფრაზის ჩაწერის შეეშინდა ან არ შეეშინდა“, ჩემი აზრით, ამას ქართული საზოგადოება არ გაიზიარებს.

ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება, მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში გვედავებიან ის ადამიანები, რომლებიც არათუ რეგიონის და საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ, რათა იყოს ომის პროპაგანდა, სიტუაცია რაც შეიძლება, დაიძაბოს. აქედან გამოსული პოლიტიკური პარტია კრიტიკას ვერ უნდა ბედავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც. ოკუპაციას ოკუპაცია ეწოდება და ჩვენ ამას არასდროს მოვრიდებივართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერია ჩაწერილი ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია საჭირო. მოცემული შემთხვევა ეხება კონკრეტულ საკითხს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაში ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ეს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური დღის წესრიგი და ყოველდღიური საზრუნავია.

„ამაზე აქცენტის გადატანა ხდება იმ ხალხის მიერ, რომელსაც ყველანაირად უნდა სიტუაციის ესკალაცია, „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეგვიძლია, ომის პარტია დავარქვათ, რადგან ამ ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს ომის თავიდან აცილება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. შემდეგ კარგად გვახსოვს მათი რეზოლუციებიც, სადაც საქართველოს და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. 10 წელი მალავდნენ ამ ამბავს და ახლა აქეთ ატრიალებენ თემას. ჩვენი პოლიტიკა გამომდინარეობს ომის არდაშვებიდან და ეროვნული ინტერესებიდან, რაც ყველაზე მთავარია“,  – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.