მამუკა მდინარაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ, გარედან თითს რაზეც დაგვიქნევენ, უარგუმენტოდ კი არ ვაკეთოთ, მივიღოთ სუვერენული, თავისუფალი გადაწყვეტილებები, ეს არის ნამდვილი ევროპულობა
უცხოეთიდან შემოსული გრანტების 95 პროცენტს ხარჯავს ათი „ენჯეო“ და დანარჩენ ხუთ პროცენტს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“, რამხელა დისონანსი და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შავი ფული ორი მიმართულებით, პარტიული და პროპაგანდის კუთხით იხარჯება.
„ბოლო წლების განმავლობაში, სად ვნახეთ ჩვენ დარტყმები, დაარტყეს სასამართლოს, პოლიტიკას, ქვეყანას. შავი ფული იხარჯება პარტიული კუთხით, მაგალითად, ეკლესიის წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდაში. ანუ, არის ორი მიმართულება, პარტიები და პროპაგანდა, ამ ორი მიმართულებით იხარჯება შავი ფული. არ ვიცით, სად არის შვიდი „ენჯეოს“ მიერ დახარჯული 70 მილიონი. იცით, საქართველოში რა მოცემულობა გვაქვს, რატომ იბრძვიან, საერთაშორისო რესურსს რატომ იყენებენ? იმიტომ, რომ უცხოეთიდან შემოსული გრანტების 95 პროცენტს ხარჯავს ათი „ენჯეო“ და დანარჩენ ხუთ პროცენტს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“. მიხვდით, რამხელა დისონანსია და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში? ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ჩვენი მხრიდან მხოლოდ გამჭვირვალობისთვის ბრძოლა, მათი მხრიდან არის ბრძოლა შავი ფულისთვის. ჩვენი მხრიდან, გამჭვირვალობასთან ერთად, ეს არის ბრძოლა ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობისთვის, რეალური ევროპულობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის.
ჩვენ უნდა შევძლოთ, გარედან თითს რაზეც დაგვიქნევენ და რასაც მოგვთხოვენ, უარგუმენტოდ კი არ ვაკეთოთ, მივიღოთ სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გადაწყვეტილებები. რწმენა მაქვს, როდესაც არგუმენტებს არ გეუბნებიან და ისე გეუბნებიან რაღაცას, ეს არ უნდა გააკეთო. არგუმენტები უნდა გაიზიარო, თუ ის საფუძვლიანია. ეს არის ნამდვილი ევროპულობა და საქართველო არის ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის შემადგენელი ნაწილი. ის აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. თუ ვინმეს უნდა, რომ იძახოს ასე უარგუმენტოდ – არა რუსულ კანონს, აქ ვუერთდები ამ მიდგომას, თუ გნებავთ – არა რუსულ კანონს, ჩვენ არ მივიღებთ რუსულ კანონს, გარანტიას ვიძლევით, საქართველოში რუსული კანონი, ასეთი პროექტი არ არსებობს. აქ გატყუებენ, მეგობრებო, ნუ გაიხდით თავს ნურავის მსხვერპლად, როდესაც გეუბნებიან, რომ კანონია რუსული და წაკითხულიც არ გაქვთ. ერთადერთი ვალდებულებაა, რეესტრში დარეგისტრირდეს და გამჭვირვალობა უზრუნველყოს მედიაორგანიზაციამ თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელმა, აქ რუსული არაფერია. ეს არის ევროპული მიდგომა და, შესაბამისად, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.