მამუკა მდინარაძე - ჩვენ შევპირდით მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე
ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს იყო ვაქცინაცია.
„ვაქცინაციის საკითხზე იყო საუბარი. ვაქცინასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობის მიუხედავად და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე. ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე. ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა. საუბარია „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“. ნებისმიერი სხვა გზითაც, სხვა მიმართულებებითაც მიდის მუშაობა. ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე ვაქცინაცია გაგრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, გაწერილი გეგმის მიხედვით“, – განაცხადა მდინარაძემ.