მამუკა მდინარაძე - ჩვენ და რადიკალური ოპოზიცია გეგმებში ვერ ვემთხვევით, მშვიდობის და ომის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა
მამუკა მდინარაძე - ჩვენ და რადიკალური ოპოზიცია გეგმებში ვერ ვემთხვევით, მშვიდობის და ომის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით ლიდერია ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ასევე უსწრებს ბალკანეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით უკვე სარგებლობენ.

მდინარაძის თქმით, უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ არ მიიღოს და ამას არც ელოდება.

„უნდა ველოდოთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას. თუკი აქამდე გამოქვეყნებულა რაიმე კვლევა და ობიექტური განცხადებაც კი, რომელიც ეყრდნობოდა ასოცირების ვალდებულებების შესრულების შეფასებას, ჩვენ ლიდერები ვართ. არა მხოლოდ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, არამედ ჩვენ ვუსწრებთ ბალკანეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე სტატუსით სარგებლობენ. წარმოუდგენელია, კანდიდატის სტატუსი მიიღოს სხვამ და ჩვენ – არა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ისინი საერთო უარს იტყვიან ასოცირებული ტრიოს მიმართ, მაგრამ თუ კი ვინმეს ეკუთვნის, მათ შორის ჩვენც გვეკუთვნის. სხვანაირად, როგორც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები და მათი ლობისტები თავის მხრივ ოცნებობენ, ეს იქნება უსამართლოზე უსამართლო გადაწყვეტილება და ამას ნამდვილად არ ველოდები. მე მგონია, უტოპიაა, სხვამ მიიღოს და ჩვენ ვერა. ასეთი შეიძლება იყოს გაკეთებული ერთადერთი მიზნისთვის, რაღაც თავს ზევით ძალას თუ მოძებნიან მათი ლობისტები, დაარწმუნებენ ყველას, რომ კონსენსუსი ამ საკითხზე არ შედგეს და მარტო საქართველოს წინააღმდეგ იყოს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ გეგმის შესრულების იმედით იქნება, რომელზეც ჩვენ ბოლო დღეებია, ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ სჯობდა, ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთობლივი ინტერესით და საერთო გეგმით ემოქმედათ, თუმცა მათი გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ჩვენი გეგმაა საქართველოს დასავლური მომავალი და მათი გეგმაა ამ ქვეყანაში არეულობა, ყველაფრის ხარჯზე საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა. ეს გეგმები როგორ შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. ისინი ხომ მხოლოდ პოპულისტურად ამბობენ იმას, რომ ჩვენ ვცადეთ, თქვენ რა სცადეთ? როდესმე შეგიძლიათ, დამისახელოთ რომელიმე რეალური მცდელობა საერთო, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე? ამას ამბობენ დღეს და აბსოლუტურად სხვ რაღაცას აკეთებენ. არ იყვნენ მარტოები. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები იგივე ნარატივს ახმოვანებდნენ და ბოლოს თქვეს. როგორც გუშინდლამდე ვერ გაბედეს და გუშინ ომის ფაქტორი დაადასტურეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ევროპულ პერსპექტივას დაუკავშირეს ომის ფაქტორი. გუშინ, რამდენიმე ადამიანმა სინქრონში ხომ თქვა, დიახ, ომი მინდა, ეს ტერმინებიც გამოიყენეს.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ მათი მიზანია საქართველოში მეორე ფრონტი და ომი, ეს არის ომისა და ღალატის პარტია, ჩვენ გვადანაშაულებდნენ შეთქმულების თეორის პროპაგანდირებაში. დღეს მათ რა პასუხი აქვთ, გუშინ შემთხვევითი იყო, იმ თემებს ემიჯნებიან? დღეს პასუხებსაც ვერ სცემენ ომის თემებზე. მათი მესიჯი დასავლეთში მათი ლობისტების მიმართ არის ის, რომ დიახ, თუ ჩვენ გვექნება თქვენი მხარდაჭერა და ჩვენს გეგმებს საქართველოში განვახორციელებთ, საქართველოში ომი იქნება, სხვაგვარად არა, ესენი ომს არ იწყებენ. ვიღაცებს აჯერებენ, რომ საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა საერთო სურათში ძალიან კარგია. ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველია? ამ გეგმაში მონაწილეობაზე, საერთო გეგმაზე უნდა შევთანხმებულიყავით? ერთმანეთს არ ემთხვევა ორი გეგმა, სადაც ერთია ქვეყნის დაღუპვა, ომი, ათიათასობით ადამიანის დაღუპვა ამ ქვეყანაში და მეორე გეგმაა მშვიდობა, ევროპული გზა და ევროპული მომავალი. ჩვენ და რადიკალური ოპოზიცია გეგმებში ვერ ვემთხვევით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.