ჩვენ ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ, არამედ ვაპირებთ ორ ფეხზე მყარად, ამაყად მოქმედებას მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თელავში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღირსებით უნდა მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.
„მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით, უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში. ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. მართლები რომ ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები. ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი უპირისპირდება უსამშობლო აგენტურის უფროსებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანა გლობალურ საჭადრაკო დაფაზე ფაიკად შესწირო.
„ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე. აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს.
საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ აპირებს.
„ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებსა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით. ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს“, – აღნიშნა მდინარაძემ“, – აღნიშნა მდინარაძემ.