მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება, იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაერქვას გადაყენებული პრეზიდენტი
მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება, იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაერქვას გადაყენებული პრეზიდენტი

ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება. იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაერქვას გადაყენებული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პატრონების დავალებით „ნაცმოძრაობის“ მხარდამხარ და კვალდაკვალ მოქმედებს.

„ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება, მილიონ ორასიათასამდე ამომრჩევლის, რომელშიც ერთ-ერთი მეც ვარ. არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი კამპანიის, რომელიც მის დასახმარებლად წარმოებდა და დღეს გამოვიდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჩვენ და ქართველი ამომრჩეველი გადაგვაგდო, დაექვემდებარა პატრონაჟს. პატრონების დავალებით „ნაცმოძრაობის“ მხარდამხარ და კვალდაკვალ მოქმედებს. ამიტომ, შეიძლება, იმპიჩმენტს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხი არ გადავაგდებინოთ და მას დაერქვას გადაყენებული და არა – ვადაგამოლეული პრეზიდენტი. ეს სიმბოლიზმი აისახოს ქართველი ხალხის პასუხში მისი გააგენტების გამო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრების ხელმოწერები შეამოწმა და მათი ნამდვილობა დაამტკიცა. კონსტიტუციურ წარდგინებას საქართველოს პარლამენტის 81 წევრი აწერს ხელს. პროცედურის მიხედვით, კომიტეტის მიერ ხელმოწერების ნამდვილობის დადგენის შემდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.