მამუკა მდინარაძე - ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევაში ოპოზიციური პარტიების საერთო რეიტინგი დაახლოებით 40 პროცენტია, „ქართული ოცნების“ კი, 60
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალიდან ოფიციალურად იწყება საარჩევნო მარათონი, რომლის ფინალი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაა.
„ამაში ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის, არც ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში, რადგან რეიტინგები, საზოგადოების განწყობები, ყველაფერი ამაზე მეტყველებს. ხვალიდან უკვე ოფიციალურად შეუდგებიან პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი პარტიის აქტივიც საარჩევნო შეხვედრებს. ჩვენი ინტერესი და პასუხისმგებლობაა, რომ საარჩევნო მარათონი ჩატარდება მაქსიმალურად დემოკრატიის მაღალი ხარისხით და ყველა წესის დაცვით. ჩვენ ყველა თათბირს ვიწყებთ და ვამთავრებთ იმით, რომ არ უნდა მივცეთ არავის სივრცე სპეკულაციებისთვის, გამორიცხულია.
კანონმდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში იცვლება და ჩვენი დაინიცირებულია, მიესალმებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და ის არ მოსწონთ მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მათი კრიტიკა. ესეც მიმართულია იმისკენ, სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს, რომ ვერავინ გაბედოს დაშინება, მოსყიდვა, ეს სტანდარტი იწევა უფრო მაღლა, გაცილებით მაღლა, ვიდრე აქამდე იყო, როგორც კანონით, ასევე აღსრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძე მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, არ დაუმალონ თავიანთ პარტიულ აქტივისტებს მათი ბოლო კვლევის მაჩვენებელი.
„ჩვენი ან რომელიმე კვლევის მონაცემი კი არა, მათი ბოლო კვლევის მონაცემი, რას ამბობს და რა რეიტინგი აქვს „ნაცმოძრაობას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს და „ქართულ ოცნებას“, ეს არ დაუმალონ თავის პარტიულ აქტივებს. ნებისმიერ პარტიულ აქტივს, „ნაცმოძრაობის“, ან სხვა ოპოზიციური პარტიის, შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ იციან მათ ბოლო კვლევებით რა რეიტინგები დაიდო. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, „ნაცმოძრაობის“ ცენტრალური შტაბის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არ იცის მათი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემი, რადგან ეს არის მათთვის კატასტროფულად დაბალი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, ყველასი ერთად დაახლოებით, 40 პროცენტი და „ქართული ოცნების“ 60 პროცენტი. ზუსტი მონაცემი ნამდვილად არ მაქვს, ჰკითხეთ, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. არადა, ყველა რეალური კვლევა ამას ადასტურებს. ის კვლევებიც კი, რომლებიც გამოქვეყნებულია ალოკაციის გარეშე, სადღაც 39 პროცენტი და 35 პროცენტი უფიქსირდება „ქართულ ოცნებას“, ეს როგორც კი ალოკაციით გამოქვეყნდება, ნიშნავს 60 პროცენტამდე მონაცემებს, აქაც კი მანიპულირებენ ზოგიერთი კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამწუხაროდ, პირადი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე“,- განაცხადა მდინარაძემ.