მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს თავმჯდომარემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ჩავარდა ხაზარაძის სქემა, რომელსაც უნდოდა, თავისი პოლიტსაბჭოს წევრს ემართა ცენტრალური საარჩევნო კომისია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და ჩავარდა მამუკა ხაზარაძის სქემა, რომელსაც სურდა, თავისი პოლიტსაბჭოს წევრს ცესკო ემართა.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს თავმჯდომარის დისკრედიტაცია.
ამავდროულად, მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
„მამუკა ხაზარაძის სქემა ჩავარდა, რომელსაც უნდოდა, თავისი პოლიტსაბჭოს წევრს, ანუ „ნაცებს“ ემართათ ცენტრალური საარჩევნო კომისია. მას დაგროვებული ჰქონდა „კომპრომატები“, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო. ცესკო-ს თავმჯდომარემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. გაიშიფრა მათი სქემა, რა უნდოდათ. უნდოდათ მისი დაბულინგება და ამის შედეგად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს ცესკო უნდა ემართა, ხალხის არჩევანის გარეშე ხელისუფლება უნდა მოეპოვებინათ. მისმა ტელევიზიამ ბევრ ტყუილს შორის ისიც კი იკადრა, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გააყალბეს, რომ მისთვის დაებრალებინათ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკობა. მეტი რაღა უნდა იკადრონ, როცა გარდაცვლილი ადამიანის ბიოგრაფიას აყალბებ იმისთვის, რომ მისი შვილის დისკრედიტაცია მოახდინო. ყველაფერი ნათელია, მათ სქემას ასრულება არ უწერია.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩამბულია ამ მდაბიო ბრძოლაში. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვება მოიპოვონ. ერთადერთი გზა აქვთ, ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დააყენონ. ყველაზე კარგი დარტყმის ობიექტია ცესკო და მისი თავმჯდომარე. იმასაც კი კადრულობენ, რომ მის გარდაცვლილ მამას ბიორგაფია გაუყალბეს. მათი ბრძოლა იქნება არა არჩევნების მოსაგებად, არამედ ცესკო-ს და არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. ამ სიბინძურეს მათ ქართველი ხალხი არ გაატანინებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს ვეტო დაადო.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.