მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკოსების ქცევის კოდექსი დახვეწილი დოკუმენტია
მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკოსების ქცევის კოდექსი დახვეწილი დოკუმენტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ პოლიტიკოსთა ქცევის კოდექსს და საპარლამენტო არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩაატარონ.

მისი თქმით, ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესში მმართველ გუნდსაც ჰქონდა შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებულია.

„ისევე, როგორც სხვა პარტიები, ჩვენ ვიყავით ჩართულები პოლიტიკოსებისა და პარტიების ქცევის კოდექსში, რაც დღეს ცესკო-მ გამოაქვეყნა. ეს არის უკვე დახვეწილი დოკუმენტი. რამდენიმე შენიშვნა ჩვენც გვქონდა და მათი ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უარს აცხადებდა ქცევის კოდექსზე ხელმოწერაზე. მათ უკვე კეთილი უნდა ინებონ და ხელი მოაწერონ ქცევის კოდექსს. ჩვენ ისედაც მოწოდებულები ვართ, რომ ჩატარდეს არჩევნები დემოკრატიის მაღალი ხარისხით, არანაირი სპეკულაციის სივრცე აქ არ უნდა იქნას დატოვებული. შესაბამისად, როდესაც ხელს მოაწერენ უკვე ამ დოკუმენტს ოპოზიციური პარტიები, ბუნებრივია, ჩვენც შევუერთდებით ამ ხელმოწერებს და სადაც წერია ყველა ქცევის წესი, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, პირიქით ჩვენ ვართ თანამონაწილეები ამ კოდექსის მომზადების სხვა პარტიებთან ერთად.

კიდეც ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა მოქალაქეს, რომ არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ სპეკულაციების არანაირი სივრცე არ იყოს, ჩავატაროთ ყველა წესის დაცვით და ამ წესების აღსრულება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და არჩევნებს გამოადგება, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გაცილებით ნაკლები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესებს შეასრულებენ და არა მხოლოდ ხელს მოაწერენ მასზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.