მამუკა მდინარაძე - ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ჩვენ ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით და პასუხს მათგან ველოდებით
ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზეა, სპეკულირებენ, სხვადასხვა განცხადებას აკეთებენ, ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით და მათგან პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციების გამართვა ოპოზიციის დღის წესრიგია და ეს გასაგებია.
„პოლიტიკური მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჯერ გერმანულთან მიახლოებული საარჩევნო მოდელი შემოგვთავაზეს, რომელსაც გერმანულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, შემდეგ ავღანური მოდელი შემოგვთავაზეს. მათი მხრიდან რეალური არაფერი რომ არ იყო, კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, გუნდში მიღწეული კონსენსუსით. ახლა ბურთი მათ მოედანზეა, სპეკულირებენ, სხვადასხვა განცხადებას აკეთებენ. ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით და მათგან პასუხს ველოდებით, რამდენად მზად არიან, შემხვედრ ნაბიჯებზე ისაუბრონ. თუ არ ისაუბრებენ, მაშინ არჩევნები კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ჩატარდება, შერეული სისტემით. თუ კომპრომისულ ვარიანტს თავის ვერსიას დაახვედრებენ და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შევძლებთ, რომ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, მაშინ შეიცვლება კონსტიტუციაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.