მამუკა მდინარაძე - ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ, პროვოკაციული ფონი შექმნან, ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ „ენჯეოების“ დავალებით, რომ ამ კანონპროექტზე მომხსენებელი რამენაირად გავაფუჭოთო
ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ „ენჯეოების“ დავალებით, იქნებ რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოაჩინოთ, რომ ამით გავაფუჭოთო. ვიდეოს მოგაწვდით, იქ ვერაფერს ნახავთ ისეთს, თქვენ რომ გამოგადგებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობს, რასაც, მდინარაძის თქმით, ვერ ახერხებენ.
„ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული ფონი შექმნან, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ. კონკრეტულ ადამიანებზე მუშაობენ, ვინც კი შეიძლება ხვალ აქციაზე იყოს. ჩვენზე აღარ ვლაპარაკობ.
პირადად ჩემზე ახალი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. ეძებენ ჩემს სადისერტაციო ნაშრომს, და თუკი ვინმე ეძებს, თქვენ რომ მოგმართონ, ვიდეოც მაქვს, იმასაც მივაწვდი – „იქნებ რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოაჩინოთ, რომ ამით გავაფუჭოთ“ – ვციტირებ. გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით, მათ კიდევ თავისი დამვალებლები ჰყავთ, რომ „ამ საკითხის მომხსენებელი რამენაირად გავაფუჭოთ“. ვიდეოც მაქვს, კრიტიკულ მედიას მოგმართავთ, ვიდეოს მოგაწვდით თავიდან ბოლომდე. ვიღაცებს ინტერესი აქვთ, როგორც ჩანს. იქ ვერაფერს ნახავთ ისეთს, თქვენ რომ გამოგადგებათ. ასეთ დონეზე ჩადიან ყველაფერში, სიღრმეებში, რომ რამენაირად ჩირქი მოსცხონ ადამიანებს.
შალვა პაპუაშვილს რას უკეთებენ – ჯერ ბოდიში მოუხადეს, ახლა კი ტალღა დაძრეს „ფეიკის“. ჩვენ ამას გავუძლებთ, ამ „ფეიკებსაც“ გავუძლებთ, მაგრამ მოქალაქეებს თავი დაანებონ. ის ადამიანები, რომლებიც თავად ამ ქვეყნის ღალატში არიან მხილებულები და იმისთვის, რომ ლომჯარიამ, გიგაურმა და რამდენიმე ადამიანმა თავიანთი ორგანიზაციების დეკლარაცია არ შეავსონ, ნახევარ საქართველოს, პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოღალატეებს ეძახიან, რადგან ხალხს თავისი აზრი გააჩნია თურმე. რა თქმა უნდა, პროვოკაციაა მათი გზა, თორემ ახლაც ვინმემ კითხვაზე პასუხი თქვას: რა არის კანონში არათუ რუსული, არამედ ცუდი?“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.