მამუკა მდინარაძე - ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვინც „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებას მუსლიმებთან აკავშირებს
ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვინც „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებას მუსლიმებთან აკავშირებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით, რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.
სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებსა და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!
ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.