მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ასე შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩაერთო პოლიტიკაში და მისი აქტივობებიც არის საჯარო
საჯაროობას არქმევთ მხოლოდ ინტერვიუს. საჯაროდ დაბრუნება კი არა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო. პოლიტიკაში ჩართვა ნიშნავს, რომ მან მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც არის საჯარო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს: „სამთავრობო გუნდში როტაციამ დაიმსახურა თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან მოწონება? ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნდა, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა“.
„საჯაროა ნებისმიერი დეპუტატის საქმიანობა და ყველა ინტერვიუს არ იძლევა. მაგრამ ახლა რაც შეეხება იმას, გადაწყვეტილება ვინ მოიწონა და ვინ არა, რა თქმა უნდა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვქონდა ასეთი საერთო შეთავაზება, რომ მას პრემიერობის პოსტი არ დაეტოვებინა, სულ მცირე, ზაფხულამდე და ამის შემდეგ, როდესაც უკვე საარჩევნო მარათონი უკვე აქტიურად დაიწყებოდა, შემდეგ ყოფილიყო ეს ცვლილება. მაგრამ მან ასე არჩია, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და საბოლოო თანხმობა მიიღო პოლიტსაბჭოს ყველა წევრისგან. მათ შორის, საპატიო თავმჯდომარისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.