მამუკა მდინარაძე - აშშ-ში ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა და საზოგადოება რეალური ინფორმაციების საფუძველზე გაკეთებული განცხადებების პათოსს კარგად ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტი წარმატებული იყო.
მამუკა მდინარაძის თქმით, ვიზიტის შედეგად საზოგადოება რეალური ინფორმაციების საფუძველზე გაკეთებული განცხადებების პათოსს კარგად ხედავს.
„ფაქტია, რომ არჩილ თალაკვაძისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და საზოგადოება რეალური ინფორმაციების საფუძველზე გაკეთებული განცხადებების პათოსსაც კარგად ხედავს. ადამ კინზინგერის განცხადებაში ორი მთავარი გზავნილი იყო – მშვიდობისკენ მოწოდება, რაც გასაგებია, ვის მიმართ არის და მეორე – კომპრომისი. კომპრომისზე სხვა მეგობრებიც საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარემ ურთიერთდათმობა უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, რაც შეეხება საარჩევნო მოდელს, ხელისუფლებამ უკვე გადადგა ნაბიჯები და ოპოზიციას 100/50 შესთავაზა.
„ურთიერათდათმობის ფარგლებში ჩვენ დავამთავრეთ, 77/73-დან ნაბიჯი გადავდგით და 100/50-ზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი საწყის პოზიციაზე დგანან და ცდილობენ, თავიანთი ულტიმატუმი კომპრომისად გაასაღონ, თუმცა, კომპრომისი და ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ვთქვათ, 135/15-ზე, 144/6-ზე ან 148 /2-ზე არ ვიცი, ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელი პარტნიორები კიდევ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება კომპრომისულ ვარიანტად ეს ვერსიები, ეს შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელი იქნება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მათ კომპრომისულ ვარიანტს ველოდებით. ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელის გულზე დევს. თქვენ ნახეთ, რომ ამერიკაში ჩვენი დელეგაციისა და ვიზიტის პარალელურად როგორი განცხადებები გაკეთდა და ეს იყო უდაოდ მხარდამჭერი განცხადებები არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ქვეყნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.