მამუკა მდინარაძე - აშშ-მა მოუხსნას სანქციები მოსამართლეებს და ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს, მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი
აშშ-მა მოუხსნას სანქციები მოსამართლეებს და ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას აშშ-ის მოთხოვნაზე, გამოძიება დაიწყოს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს, რაზეც მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნაზე მათ მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ არის, რის გარეშეც გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა მათ მიმართ თხოვნა, მოეხნას სანქციები ჩვენ მოსამართლეებს, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენს კითხვაზე, თხოვნაზე და თუნდაც მოთხოვნაზე, რომ უსამართლო სანქციები მოეხსნათ ქართველი მოსამართლეებისთვის, მივიღეთ პასუხი, რომ გამოძიება დაიწყეთო. ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ, მტკიცებულებები წარმოედგინათ. არცერთი მტკიცებულება არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი, არც აშშ-ისთვის, არც ევროპისთვის და არც საქართველოსთვის. როგორც ამერიკელებს, ასევე ევროპელებს და ქართველებს გვაქვს საერთო ღირებულება – მტკიცებულებების გარეშე გამოძიებას არცერთი ქვეყანა არ იწყებს.
ამ შემთხვევაში, მოთხოვნა, რომ მტკიცებულებების გარეშე დავიწყოთ გამოძიება, არ არის სწორი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ. პირიქით, ჩვენ მათ გაღმა ვედავებით ამ დისკუსიაში, ან მოუხსნან სანქციები მოსამართლეებს, ასევე ბოდიში მოუხადონ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს. თუ მათ ასე არ უნდა გააკეთონ, მაშინ მოგვცენ მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დაასანქცირეს ეს ხალხი და გამოიძიებს ქართული მხარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.