მამუკა მდინარაძე - აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ამერიკული კანონიდან გადმოწერილი პროექტი „რუსულ კანონად“ მონათლა, საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ამერიკული კანონიდან გადმოწერილი პროექტი „რუსულ კანონად“ მონათლა, საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ამერიკული კანონიდან გადმოწერილი პროექტი „რუსულ კანონად“ მონათლა, საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს.

„ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა, მართალია, შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება „ენჯეოების“ დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის, „დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, თუმცა ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.