მამუკა მდინარაძე - არსებობს ფაქტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან
მამუკა მდინარაძე - არსებობს ფაქტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან

როდესაც ვსაუბრობთ ეროვნული ინტერესების გატარებაზე, ამის შესახებ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ქმედითად, სამართლებრივად მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ იმ ნარატივს, რასაც ეროვნული ინტერესების გატარება, ქართული საქმის კეთება, ამ ქვეყნის დასავლური ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგვექმნას, როგორი აგენტურაც არ უნდა მოქმედებდეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, როგორ დავალებებსაც არ უნდა იღებდნენ, როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა კადრულობდნენ, როგორ პერფომანსებსაც არ უნდა დგამდნენ, საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელით გააკეთებს ეროვნულ საქმეს და იზრუნებს კონსტიტუციური დათქმის შესასრულებლად, რომ საქართველო, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და არა მხოლოდ ოკუპანტს, არამედ ყველა შიდა თუ გარე მტერს მოუგოს ბრძოლა და ეს ბრძოლა, საბოლოო ჯამში, საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ჰააგის სასამართლოს რეზოლუციის მე-11 პუნქტი დეპუტატებს წაუკითხა.

მისი თქმით, არსებობს ფაქტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.

„წლების განმავლობაში შეგნებულად თავს ვიკავებდით რეზოლუციის მე-11 პუნქტში მითითებული ფრაზების ამოკითხვისგან და ვამბობდით, რომ დამთავრდება გამოძიება ჰააგაში, ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ამის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ და მის ბელად სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე და ეს მომენტიც დადგა. მე-11 პუნქტში ვკითხულობთ: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევის გამო, რომელიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორებიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა, კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.

რა ომის დანაშაულები აღიარეთ და რაზე მოაწერეთ ხელი და რა ჰქვია ამას, თუ არა საკუთარი ქვეყნის და სამხედრო ძალების ღალატი, სხვანაირად ამ ჩანაწერის მხარდამჭერი შეფასება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და დღემდე ჩვენ ამის გახმოვანებაზე და ხაზგასმაზე შეგნებულად ვიკავებდით თავს. დღეს ამის ხელმომწერი და მხარდამჭერი ადამიანები არიან, ვინც ქართულ სახელმწიფოს ვნებენ, თითქოს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ისეთი ხელისუფლება, რომელიც რაიმეთი მაინც შესაძლოა, რუსულ წისქვილზე ასხამდეს წყალს. ის ადამიანები ადანაშაულებენ ქართულ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას ამ ყველაფერში, რომლებმაც დღევანდელი წარმატებისთვის ხელი რომ შეეშალათ, სტრასბურგის წარმატებისთვის ხელი რომ შეეშალათ, „ისკანდერის“ ნაწილები, რომლებიც აღმოჩნდა მთავარი ცენტრალური მტკიცებულება ამ გამარჯვებისათვის, დაუმალეს გამოძიებას, და მოძიებულ იქნა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის უწყებამ და სხვა უწყებებმა დიდი შრომა გასწიეს საიმისოდ, რომ ეს მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო მოძიებული. არსებობს ფაქტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა მათი რუსული შედეგი ვერ გამოიღო და საქართველომ ამ სამართლებრივ ბრძოლაში გაიმარჯვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.